პრეზიდენტს ლაშა ხუციშვილის სახელი და გვარი არ მოსწონს, მის კომპეტენციაშია რაიმე პრობლემა?! – “კომპეტენტურია, გამოცდილია, მაგრამ არ მომწონს” – ჰოდა, ამას არ გავუტარებთ! – ეს განცხადება პარლამენტში “ქართული ოცნების” დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ გააკეთა.
ზარქუას თქმით, მომავალ სასესიო კვირას პარლამენტი “ეროვნული ბანკის შესახებ” კანონში ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოს გადალახავს და “ეროვნულ ბანკს ქალბატონი სალომეს საბოტაჟისგან იხსნის”.
როგორც ზარქუამ აღნიშნა, პრეზიდენტისთვის ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად შეთავაზებული ლაშა ხუციშვილი არის კვალიფიციური ადამიანი, რომლის ფინანსთა მინისტრობის დროს საქართველოს ბიუჯეტი ყველაზე გამჭვირვალე და ღია ბიუჯეტად აღიარეს.
“ჩვენი გაცხადებული პოლიტიკაა, რომ ყველა ინსტიტუციას პატივი ვცეთ, მათ შორის პრეზიდენტის ინსტიტუტს. არაერთგზის დავამტკიცეთ, რომ პატივს ვცემთ არა იმიტომ, რომ სალომე გვიყვარს – პირადად მე არ მიყვარს – უბრალოდ პრეზიდენტის ინსტიტუციას ვცემთ პატივს, რადგან მნიშვნელოვანია ამ ქვეყანაში ყველამ ინსტიტუციის პატივისცემა ვისწავლოთ.
ვაკვირდებით და, საბოტაჟს უწყობს ქვეყანას! პირველი, ეს იყო ელჩების დანიშვნა. მისი კონსტიტუციური უფლებამოსილება იყო, რომ წარდგენილი კანდიდატებისთვის ხელი მოეწერა. ვიდრე არ ვთქვით, რომ საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს განეხილა, მანამდე ხელი არ მოაწერა – მერე მოაწერა და ჩვენც სარჩელი გამოვიტანეთ.
მეორე თემა ცესკოს თავმჯდომარის დანიშვნის საკითხი იყო. ვეუბნებით, კანდიდატი არის იდეალური, რომ პარლამენტს წარუდგინოს, მაგრამ არ წარადგინა და მოგვწერა, რომ სამართლებრივი არგუმენტები არ აქვს, მაგრამ მისი პოლიტიკური გადაწყვეტილება ასეთია ანუ ალბათ, სახეზე არ მოსწონს …
ბოლო გვირგვინი ეროვნული ბანკია. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ვადა ეწურება – მერე რა უნდა ვქნათ?! ქვეყანა რთულ რეგიონალურ სივრცეშია და კბილებით გვიჭირავს, რომ ინფლაცია არ გაიქცეს – ეს უნდა?! იყო პრეზიდენტთან შეთანხმება, რომ „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში ცვლილებებზე ვეტოს არ დავძლევდით და ის ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებს წარადგენდა – მან ესეც დაარღვია!“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
ცნობისთვის, პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა საბჭომ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვით, „იკვეთება აშკარა ნიშნები იმისა, რომ საქართველოს პრეზიდენტი თავისი ქმედებებით ეროვნული ბანკის ჯეროვან საქმიანობას მიზანმიმართულად უქმნის დაბრკოლებას“.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კონსულტაციები მმართველ გუნდსა და პრეზიდენტს შორის შედგა, რის შემდეგაც საქართველოს პრეზიდენტმა დაადასტურა მზაობა, ეროვნული ბანკის საბჭოს ერთ-ერთ წევრად ლაშა ხუციშვილის კანდიდატურა წარედგინა. განცხადებაშია ნათქვამია, რომ კონსულტაციების დროს, გაჟღერდა კონკრეტული თარიღებიც – თებერვალი, 8 მარტი და სხვა“, თუმცა პრეზიდენტმა ყველა შეთანხმებული ვადა დაარღვია და მას ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატი პარლამენტისთვის დღემდე არ წარუდგენია“.
მმართველი გუნდი „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში მიღებულ ცვლილებების პროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას გეგმავს.