პრეზიდენტ ზურაბიშვილის მხრიდან პოლიტიკური, ბლანკეტური ვეტოს გამოყენება სწორი გადაწყვეტილება იყო, იმიტომ, რომ “რუსული კანონი” გაკეთილშობილებას, შელამაზებას და შესაბამისად, მოდიფიკაციას არ ექვემდებარება, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
ბოკუჩავას თქმით, ეს პოლიტიკურად ნამდვილად სწორი გადაწყვეტილება და ნაბიჯი იყო.
“პრეზიდენტ ზურაბიშვილის მხრიდან პოლიტიკური, ბლანკეტური ვეტოს გამოყენება სწორი გადაწყვეტილება იყო, იმიტომ, რომ “რუსული კანონი” გაკეთილშობილებას, შელამაზებას და შესაბამისად, მოდიფიკაციას არ ექვემდებარება. მისი გაწვევა უნდა მოხდეს, რადგან არ გაიწვია ივანიშვილის პარტიამ და მიიღო 3 მოსმენით, პრეზიდენტს გააჩნდა ერთი ბერკეტი და შესაძლებლობა, რომ ბლანკეტურად, ანუ სრულად დაედო ამ კანონისთვის ვეტო. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს პოლიტიკურად ნამდვილად სწორი გადაწყვეტილება და ნაბიჯი იყო. ამიტომ ეს იძლევა კიდევ ერთ შანსს იმისთვის, რომ ივანიშვილის პარტიამ არ დაძლიოს ვეტო და ქვეყანას მისცეს საშუალება, რომ ასე თუ ისე ნორმალიზდეს პოლიტიკური პროცესები. ბუნებრივია, რომ ნორმალიზებაზე საუბარი, მას შემდეგ, რაც ამდენი ადამიანი ნაცემი და დაკავებულია, ძალიან რთულია, მაგრამ თუ რაიმე გონივრულის გაკეთება ახლა მაინც შეუძლია ივანიშვილის პარტიას, არის ის, რომ არ გადალახოს პრეზიდენტ ზურაბიშვილის ვეტო”,- აღნიშნა ბოკუჩავამ.
ცნობისთვის, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი”უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს პარლამენტს იგივე სახით უკან უბრუნებს და მხოლოდ ერთ მუხლის ამატებს, რომლის მიხედვით, კანონი ამოქმედებიდან მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში მოქმედებს და მეორე დღესვე ძალას კარგავს.