“პრეზიდენტის ვეტო უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონზე-გადალახავს თუ არა მას პარლამენტი და საით წავა საქართველო – ევროპისაკენ თუ რუსეთისაკენ?”-The New York Times

75
spot_img

აშშ-ის გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსის“ (The New York Times) 18 მაისის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია „პრეზიდენტის ვეტო უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონზე: გადალახავს თუ არა მას პარლამენტი და საით წავა საქართველო – ევროპისაკენ თუ რუსეთისაკენ?“

(ავტორი – ივან ნეჩეპურენკო, რეპორტაჟი თბილისიდან).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტისადმი ვეტოს დადების შემდეგ მოსალოდნელია, რომ ქვეყნის პარლამენტი, რომელმაც კანონპროექტი სამი მოსმენის შედეგად მიიღო, ვეტოს გადალახავს.

მმართველ პარტიას „ქართულ ოცნებას“ ამის გაკეთება უკვე 28 მაისს შეუძლია, როცა სესიის სხდომები დაიწყება.

როგორც ცნობილია, აღნიშნულმა კანონპროექტმა ქართულ საზოგადოებაში დიდი მღელვარება გამოიწვია იმ მიზეზით, რომ ოპოზიცია თვლის – დოკუმენტი საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ ორიენტაციას და ქვეყანა შეიძლება კვლავ რუსეთის ორბიტაზე დააბრუნოს.
სალომე ზურაბიშვილმა თავის ვეტოს „სიმბოლური“ უწოდა, თუმცა მისი მოქმედება მაინც შეფასდა კიდევ ერთ ნაბიჯად კონფლიქტში, რომელიც ერთი მხრივ, პროდასავლურ ოპოზიციას (მას მხარს უჭერს პრეზიდენტი) და, მეორე მხრივ, მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ შორის დაიწყო ერთი თვის წინათ. „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია 2012 წლიდან.

კრიზისმა გააშუქა საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების უკიდურესად პოლარიზებული ხასიათი. საეჭვო გახდა ქვეყნის პროდასავლური კურსი, რომელიც მის კონსტიტუციაშია ჩაწერილი. ევროპელი და ამერიკელი ოფიციალური პირები დაემუქრნენ ხელისუფლებას, რომ საქართველოსთან ურთიერთობა გაუარესდება, თუ კანონპროექტი საბოლოოდ შევა ძალაში და საპროტესტო აქციების ჩახშობა ძალის გამოყენებით მოხდება.

საქართველო კავკასიის ცენტრში მდებარე მთიან ქვეყანას წარმოადგენს 3,6 მილიონი მცხოვრებით, რომელიც ოდესღაც პროდასავლური გზის პირველი გამკვლევი იყო პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებს შორის. თუ ის დასავლეთს ზურგს შეაქცევს რუსეთთან უფრო მჭიდრო კავშირების სასარგებლოდ, მაშინ შეიძლება მთლიანი რეგიონის გეოპოლიტიკა შეიცვალოს – საქართველოს, როგორც უკვე აღვნიშნე, სამხრეთ კავკასიის რეგიონში ცენტრალური ადგილი უკავია.

კანონპროექტს, რომელსაც საკმაოდ უვნებელი სახელწოდება აქვს და როგორც მმართველი პარტია აცხადებს, აუცილებელია ქვეყნის დამოუკიდებლობის განსამტკიცებლად და მიმართულია პოლიტიკურ ცხოვრებაში გარედან ჩარევების წინააღმდეგ, დასავლეთის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მასმედიის საშუალებების მეშვეობით. რადგანაც კანონპროექტის დებულებები რუსეთში მოქმედ ანალოგიურ კანონს ჰგავს, ოპოზიცია მას „რუსულ კანონს“ უწოდებს, რომელიც მიმართულია საქართველოს გადაქცევისაკენ პრომოსკოვურ სახელმწიფოდ.

სალომე ზურაბიშვილი დარწმუნებულია, რომ კანონპროექტი აბსოლუტურად პრორუსულ სამართლებრივ აქტს წარმოადგენს, ამიტომ ქვეყნის პროევროპული დემოკრატიული ორიენტაციისათვის საზიანოა.

საინტერესოა, რომ 2018 წელს მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ მხარი დაუჭირა სალომე ზურაბიშვილს და მან საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა, მაგრამ დიდ ხანს არ გაუვლია, რომ პრეზიდენტმა თავისი მხარდამჭერი „ქართული ოცნების“ კრიტიკა დაიწყო. გაუცხოების პროცესი გაღრმავდა და თავის პიკს მიაღწია, როცა მმართველმა პარტია მისთვის იმპიჩმენტის გამოცხადებას შეეცადა 2023 წელს.

სალომე ზურაბიშვილი პარიზში დაიბადა და გაიზარდა. მისი მშობლები – ცნობილი ემიგრანტები – რუსი ბოლშევიკების მიერ ოკუპირებული საქართველოდან 1921 წელს გაიქცნენ. იგი 2003 წელს საფრანგეთის ელჩად დაინიშნა საქართველოში, მომდევნო წელს კი საქართველოს მოქალაქეობა მიიღო და ქვეყნის პირველი საგარეო საქმეთა ქალი-მინისტრი გახდა, რომელსაც ეს პოსტი 2005 წლამდე ჰქონდა დაკავებული, [მოგვიანებით კი იგი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს დაუპირისპირდა]. სანამ თვითონ მას აირჩევდნენ პრეზიდენტად, სალომე ზურაბიშვილმა თავისი პოლიტიკური პარტია შექმნა და 2016 წელს საქართველოს პარლამენტის წევრი გახდა.
იმის მიუხედავად, რომ კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტის სტატუსი ძირითადად ცერემონიალურია, სალომე ზურაბიშვილი მმართველი პარტიის წინააღმდეგ დაპირისპირებულ ყველაზე ცნობილ და მოქმედ თანამდებობის პირს წარმოადგენს. იგი საპროტესტო აქციის საჯარო ფიგურა გახდა ქართული ოპოზიციის სისუსტის ფონზე.

მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ მიერ აპრილის დასაწყისში განსახილველად იქნა წარდგენილი პარლამენტში, თბილისი საპროტესტო აქციებმა მოიცვა. ანტისამთავრობო მიტინგების მონაწილეთა ძირითად ნაწილს ახალგაზრდები და სტუდენტები წარმოადგენენ, რომლებიც თბილისის ქუჩებში ყოველდღიურად მარშირებენ და გაჰყვირიან „არა რუსულ კანონს!“. მათ არაერთხელ შემოარტყეს ალყა რუსთაველის გამზირზე მდებარე საბჭოთა მონუმენტური არქიტექტურის ნიმუშს – პარლამენტის შენობას და შესასვლელების ბლოკირებას ცდილობდნენ.

პროტესტები თანდათან ძალადობაში გადაიზარდა – პოლიციის სპეცდანიშნულების ქვედანაყოფებმა მომიტინგეები ცრემლმდენი გაზის გამოყენებით დაშალეს, ზოგიერთები სცემეს და დააკავეს. მოგვიანებით ბევრმა განაცხადა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა მათზე ზეწოლა განახორციელეს და დაშინებას მიმართავდნენ.

აპრილის ბოლოს მმართველი პარტია, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი – განდეგილი ოლიგარქი – ხელმძღვანელობს (იგი საქართველოში 2000-იანი წლების დასაწყისში დაბრუნდა რუსეთიდან, სადაც თავისი ქონება დააგროვა), აპრილის ბოლოს სამთავრობო მიტინგი ჩაატარა კანონპროექტის მხარდასაჭერად. გარდა ამისა, პარასკევს, 17 მაისს გამართულ საეკლესიო მსვლელობაში მონაწილეობა მიიღო ათასობით კონსერვატიულად განწყობილმა ქართველმა, რომელთაგან ბევრმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს კანონპროექტის ამოქმედებას და ძალაში შესვლას.

„მე პირადად ბევრი მეგობარი მყავს უკრაინაში, რუსეთში და მოლდოვაში“, – ამბობს

„ნიუ-იორკ თაიმსის“ კორესპონდენტთან საუბარში 62 წლის ფერმერი გოჩა კეკენაძე, რომელიც კახეთის მხარიდან ჩამოვიდა დედაქალაქში, საეკლესიო მსვლელობაში მონაწილეობისათვის, – „ჩვენ გვინდა ისე ვიცხოვროთ, როგორც ადრე, [უკრაინის ომის დაწყებამდე] ვცხოვრობდით. ამერიკელები კი გვთავაზობენ ხელში თოფი ავიღოთ და რუსეთის წინააღმდეგ ვიომოთ“.

წყარო: