პუტინთან მებრძოლი უმაღლესი მთავარსარდალი ზელენსკი, უკრაინის მოქალაქის სიცოცხლის გადარჩენას ითხოვს – პრეზიდენტის მკვლელ ხალხს ევროკავშირში არ ელოდებიან, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა უკრაინის რადაში სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით დაინიცირებული პროექტის კომენტირებისას განაცხადა.
მისივე თქმით, პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლება და ჯანმრთელობის უზრუნველყოფა უმნიშვნელოვანესია კანდიდატის სტატუსისკენ მიმავალ გზაზე.
“პუტინთან მებრძოლი უმაღლესი მთავარსარდალი ზელენსკი, უკრაინის მოქალაქის სიცოცხლის გადარჩენას ითხოვს. ჩვენ ვნახეთ უკრაინის რადას განცხადება. მანამდე ვნახეთ ევროპარლამენტარების მიმართვა, რომელსაც 44 ევროპარლამენტარი აწერს ხელს. ვნახეთ, საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადება. გვინახავს სხვადასხვა მაღალი თანამდებობის, პროდასავლელი ლიდერის განცხადება პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობის და სიცოცხლის გადარჩენასთან დაკავშირებით.
ამიტომ, თუ ხელისუფლებას რაიმე სურს ჩვენი ქვეყნისთვის, ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს ინტერესები პირად ბოღმას არ უნდა გადააყოლოს.
პრეზიდენტის მკვლელ ხალხს ევროკავშირში არ ელოდებიან. კარგად უნდა გაიგონ, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლება და ჯანმრთელობის უზრუნველყოფა არის უმნიშვნელოვანესი კანდიდატის სტატუსისკენ მიმავალ გზაზე” , – აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
ცნობისთვის,უკრაინის უმაღლეს რადაში დარეგისტრირდა პროექტი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტებისადმი მიმართვის შესახებ.
პროექტის თანახმად, უკრაინის უმაღლესი რადა მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს უზრუნველყოს უკრაინის უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისრის დმიტრო ლუბინეცის სააკაშვილთან დაშვება. ასევე, თხოვნით მიმართავს მას, სააკაშვილის მძიმე ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით განახორციელოს ჰუმანიტარული აქტი და შეიწყალოს უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი.
დოკუმენტის თანახმად, რადა მიმართავს ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტებს, მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილებები და რეზოლუციები საქართველოს პრეზიდენტის მიერ ჰუმანიტარული აქტის განხორციელებისა და უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის შეწყალების აუცილებლობის შესახებ.