მიზანი არის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი გამოიყენონ სახელმწიფო გადატრიალებისთვის და რევოლუციური პროცესების მხარდაჭერისთვის. ამ შემთხვევაში, სალომე ზურაბიშვილი არის იარაღი იმ ძალების ხელში, რომელთაც საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა უნდათ, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა მედიასთან განაცხადა.
მისი თქმით, მმართველი პოლიტიკური ძალა მზად არის განიხილოს შენიშვნები, რომლებიც პრეზიდენტს მისი ვეტოს ფარგლებში ექნება, თუმცა, როგორც სუბარმა აღნიშნა, ფაქტია, რომ სალომე ზურაბიშვილს სამართლებრივი შენიშვნები არ აქვს.
სოზარ სუბარის შეფასებით, ოპოზიციას სურს საქართველო უკრაინა-რუსეთის მიმდინარე ომში ჩართოს და ამ შესაძლო საფრთხეს საზოგადოება კარგად ხედავს.
“ვეტო არის სამართლებრივი პროცედურა, რომელსაც ერთი მიზანი აქვს: თუ პრეზიდენტი რაღაცას არ ეთანხმება კონკრეტულ კანონში, მან უნდა დაასაბუთოს რას არ ეთანხმება, მაგრამ პრეზიდენტი ამბობს, რომ ის ვეტოს დაადებს და არ აპირებს რაიმე კონკრეტული შენიშვნის შეტანას. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მას არ სურს დიალოგი. ეს იმას ნიშნავს, რომ მის პატრონებს, რომლებმაც მას უბრძანეს ეს განცხადება გაეკეთებინა, არ უნდათ კანონი მივიღოთ, თუნდაც იმ დათქმებით, რაზეც ჩვენ მზაობა განვაცხადეთ.
მაგალითად, ჩვენ ვთქვით, რომ თუ რაიმე სამართლებრივი პრობლემაა, მზად ვართ დიალოგისთვის, ოღონდ მოგვაწოდეთ ეს სამართლებრივი პრობლემები, მაგრამ როგორც ჩანს, ქვეყანაში სამართლებრივ პრობლემას ვერავინ ხედავს. უბრალოდ, მიზანია ეს კანონი გამოიყენონ სახელმწიფო გადატრიალებისთვის და რევოლუციური პროცესების მხარდაჭერისთვის.
ამ შემთხვევაში, სალომე ზურაბიშვილი არის იარაღი იმ ძალების ხელში, რომელთაც საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა უნდათ – სურთ, რომ ისევ თავისი აგენტურა მოიყვანონ ქვეყანაში, შემდეგ კი, ამ აგენტურამ შეძლოს ის, რაც ვერ შეძლეს ორი წლის განმავლობაში – საქართველო ჩაერთოს ომში და საქართველოდან გაიხსნას მეორე ფრონტი რუსეთის წინააღმდეგ. საქართველოს მოსახლეობა კარგად ხედავდა ამ საფრთხეს და იმას, ჩვენი დაუძინებელი მეგობრების განზრახვები რამდენად ემთხვევა ჩვენს ინტერესებს. ბუნებრივია, იმ ადამიანებს, ვისაც საქართველოს ომში ჩართვა უნდათ, მხარდაჭერა არ ექნება არც მიტინგებზე და არც არჩევნებში. ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოს პრეზიდენტი იქცა უბრალო სათამაშო იარაღად, „გლობალური ომის პარტიის“ ხელში“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.