პრეზიდენტ ტრამპის გაცხადებული მიზნები სრულად ემთხვევა ჩვენს ხედვას, მისი მიზნები იწყება აშშ-ში „დიფ სთეითის“ დამარცხებიდან, ამ მხრივ ჩვენ მისი მხოლოდ გულშემატკივარი ვართ -შალვა პაპუაშვილი

12
spot_img

პრეზიდენტ ტრამპის გაცხადებული მიზნები სრულად ემთხვევა იმ ხედვას, რაც ჩვენ გვაქვს. მისი გაცხადებული მიზნები იწყება აშშ-ში „დიფ სთეითის“ დამარცხების მიზნიდან, ეს არის მისი პირველი მიზანი, რომელიც მთავარ ამოცანად, მათ შორის თავისი წარმატების საზომადაც დაისახა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, რაც უფრო მეტად შესუსტდება „დიფ სთეითი“, მით უფრო გაძლიერდება ამერიკასა და საქართველოს შორის თანამშრომლობა.

„ამ მხრივ, ჩვენ მისი მხოლოდ გულშემატკივარი ვართ და მეტიც, ვინაიდან ვიცით, რომ რაც უფრო მეტად შესუსტდება „დიფ სთეითი“, მით უფრო გაძლიერდება ამერიკასა და საქართველოს შორის თანამშრომლობა, პირდაპირ პროპორციული იქნება „დიფ სთეითის“ შესუსტება საქართველო-ამერიკის ურთიერთობის გაუმჯობესებასთან. პრეზიდენტ ტრამპის მილოცვა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით პრეზიდენტ ყაველაშვილის მიმართ, ვფიქრობ, რომ არის ამის ერთ-ერთი კარგი სიგნალი“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს წერილი გაუგზავნა, რომლითაც დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. წერილში, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურმა გაავრცელა, ტრამპი აღნიშნავს, რომ მისი ადმინისტრაცია ერთგულია, განამტკიცოს საქართველოს მთავრობასთან მშვიდობიანი და ნაყოფიერი ურთიერთობები.