პრემიერს შესაძლებლობა ექნება, მიმართოს ლიდერებს, თუ რას განახორციელებს ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, რომ მაქსიმალურად შევამციროთ კლიმატის ცვლილებით გამოწვეული რისკები – ილია დარჩიაშვილი

14
spot_img

პრემიერ-მინისტრს შესაძლებლობა ექნება, მიმართოს ლიდერებს, სადაც სხვა საკითხებთან ერთად, ის კონკრეტული გეგმები გაჟღერდება, თუ რას განახორციელებს ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად იმისთვის, რომ მაქსიმალურად შევამციროთ ჩვენს ქვეყანაში კლიმატის ცვლილებით გამოწვეული სხვადასხვა გამოწვევები და რისკები, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა გაეროს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციის კომენტირებისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიო ლიდერები გაეროს კლიმატის ცვლილებების კონფერენციის ფორმატში საუბრობენ იმ საერთო ძალისხმევაზე და კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომელმაც მაქსიმალურად უნდა შეამციროს რისკები.

„იწყება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი აზერბაიჯანის ქალაქ ბაქოში, სადაც იმართება გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენცია, 29-ე კონფერენცია, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმა, სადაც იკრიბებიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციები, ლიდერები იმისთვის, რომ ისაუბრონ იმ გამოწვევებზე, რომელიც თან ახლავს კლიმატის ცვლილებას, რომელიც თან ახლავს გლობალურ დათბობას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ლიდერები სწორედ ამ ფორმატში საუბრობენ იმ საერთო ძალისხმევაზე, იმ საერთო კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომელმაც მაქსიმალურად უნდა შეამციროს რისკები, ეს იქნება ნებისმიერი ნეგატიური გავლენა ჩვენს პლანეტაზე, რომელიც მომდინარეობს გლობალური დათბობიდან. პრემიერ-მინისტრს ექნება შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა სამუშაო ჯგუფებში, ინტერვენციები ჰქონდეს ამ სამუშაო ჯგუფებში და ვფიქრობ, რომ ძალიან საჭირო და ღირებული დისკუსიები გაიმართება ამ მიმართულებით. პრემიერ მინისტრს ასევე ექნება შესაძლებლობა, მიმართოს ლიდერებს, სადაც რა თქმა უნდა, სხვა საკითხებთან ერთად გაჟღერდება ის კონკრეტული გეგმები, თუ რას გადადგამს ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად იმისთვის, რომ მაქსიმალურად შევამციროთ ჩვენს ქვეყანაში კლიმატის ცვლილებით გამოწვეული სხვადასხვა გამოწვევები და რისკები“,- განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

როგორც ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, ირაკლი კობახიძეს ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა ჰქონდა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან.

„პრემიერ-მინისტრს ასევე ჰქონდა შესაძლებლობა, გაემართა შეხვედრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან. აზერბაიჯანის რესპუბლიკა ჩვენი განსაკუთრებული პარტნიორია, სტრატეგიული პარტნიორია. ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი საერთო პროექტები, მნიშვნელოვანი თანამშრომლობა ბევრი მიმართულებით და დარწმუნებული ვარ, რომ ამ შეხვედრასაც ექნება ახალი იმპულსი ჩვენს ორმხრივ სტრატეგიულ თანამშრომლობაში“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, განახლებადი ენერგია საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

„განახლებადი ენერგია არის ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. ჩვენ გვინდა, რომ ქვეყანამ მაქსიმალურად თანმიმდევრულად აითვისოს ყველა ის რესურსი, რომელიც ამ მიმართულებით ქვეყანაშია. ზოგადად, ჩვენს რეგიონს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს ამ მიმართულებით და ჩვენ, ჩვენს აზერბაიჯანელ პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ ძალიან მნიშვნელოვან პროექტზე, შავი ზღვის ელექტრო გადამცემი კაბელის პროექტზე, რომელიც რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ევროპისთვის ენერგიის მიწოდების დივერსიფიცირებას. ამ კუთხითაც, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ დაკავშირებადობის გაზრდაზე, ეს კონკრეტული პროექტიც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის კიდე უფრო მეტ როლს, ევროპის ენერგო უსაფრთხოების საქმეში“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.