“პრემიერის ანგარიშამდე ბოდიშია მოსახდელი” – პაატა მანჯგალაძე

41
spot_img

ანგარიში არის ის, რომ ხალხი გარბის ქვეყნიდან, ყოველი მესამე ბავშვი სკოლაში შიმშილობს – არ ვიცი, რაზე უნდა ილაპარაკოს ღარიბაშვილმა, მგონი უნდა დაიმალოს,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

რაც შეეხება კანდიდატის სტატუსს, როგორც მანჯგალაძემ აღნიშნა, მისი მოპოვება ქართველი ხალხის დამსახურებაა და „ქართული ოცნება”, რომელიც იქამდე ამბობდა, რომ „სტატუსი სათაგურია”, ახლა მის მიღებას ზეიმობს.

„რა უნდა გაგვიკვირდეს, არ ვიცი, რას იტყვიან. ანგარიში არის ის, რომ ქართველი ხალხი გარბის ქვეყნიდან, მათ ნაცვლად მკვიდრდებიან რუსები საქართველოში, ეს არის მოცემულობა რომ შევხედოთ. შობადობა შემცირებულია, გარდაცვალება მეტია, უფრო მეტი ადამიანი გადის ქვეყნიდან ვიდრე შემოდის, ბავშვთა შიმშილი დარჩა ბავშვთა შიმშილად, ყოველი მესამე ბავშვი სკოლაში კვლავ განიცდის შიმშილს, არ ვიცი, რაზე უნდა ილაპარაკოს ღარიბაშვილმა, მგონი უნდა დაიმალოს.

სტატუსი მიიღო ქართველმა ხალხმა და არ მგონია, „ქართული ოცნება” ამბობდეს, რომ ქართველ ხალხზე მეტია. ქართველ ხალხში იგულისხმება ყველა, ვინც გულწრფელად იყო ჩართული ამ პროცესში და ვიდრე რაიმეზე დაიწყებს „ქართული ოცნება“ საუბარს, აუცილებელია ბოდიში მოუხადონ ქართველ ხალხს, ანგარიშამდე ბოდიშია მოსახდელი, რადგან წელიწადნახევრის განმავლობაში სტატუსის ჩაგდებას ცდილობდნენ და არ გამოუვიდათ. ქართველმა ხალხმა აიძულა ისინი, ხალხთან ერთად ეზეიმათ ეს წარმატება. ეს არის დიდი გამარჯვება. ხალხმა, რომელიც ამბობდა, რომ სტატუსს ჩალის ფასი აქვს, რომ სათაგურია სტატუსი და ევროპა ომს გვაძალებს, შემდეგ იზეიმა ეს ყველაფერი“, – განაცხადა მანჯგალაძემ.