“პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ვინ იქნება, ამას პროცესი გადაწყვეტს”- პაატა მანჯგალაძე

77
spot_img

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ვინ იქნება, ამას პროცესი გადაწყვეტს, ჩვენ არ გვინდა კაბინეტში დასახელებული ლიდერები, გვჭირდება საველე ლიდერები, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია მმართველ პარტიას არჩევნებში მოუგებს. მანჯგალაძის თქმით, მათი ბრძოლის მიზანია, „ქართულ ოცნებას“ პროდასავლური ამომრჩეველი მოაკლდეს.

„პირველ ადგილზე გავალთ, თუმცა სხვა ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერაც დაგვჭირდება. საერთო ჯამში, ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ არჩევნებს მოვუგებთ. ამის საფუძველს რა გვაძლევს? „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობის კარგი პრაქტიკა გვაქვს, როცა 2018 წელს 40 პროცენტზე მეტი ავიღეთ და, ფაქტობრივად, „ქართულ ოცნებას“ საპრეზიდენტო არჩევნები მოვუგეთ. ოპოზიციის შეცდომა ზუსტად გვაქვს გაცნობიერებული და მას აღარ დავუშვებთ. ოპოზიციურ პარტიებთან ტალახის სროლას და კინკლაობას არ ვაპირებთ, რადგან ეს უკვე არსებული ხმების გადანაწილებას ნიშნავს. ჩვენ ამისთვის კი არ უნდა ვიბრძოლოთ, არამედ იმისთვის, რომ „ქართულ ოცნებას“ პროდასავლური ამომრჩეველი მოაკლდეს.

ზოგ ოპოზიციურ პარტიას ეს მიზანი არეული აქვს და ჰგონია, რომ თუ ჩვენს გაერთიანებას ორ პროცენტს ჩამოაკლებს და ბარიერს გადალახავს, ეს არის ეროვნული ამოცანა. ეროვნული ამოცანა საქართველოს გათავისუფლებაა რუსული რეჟიმისგან, რათა ქვეყანა ნატო-სა და ევროკავშირის წევრი გახდეს. ჩვენ მხოლოდ გამარჯვებისთვის ვიბრძვით და არა მანდატებისთვის. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ვინ იქნება, ამას პროცესი გადაწყვეტს – ვინც ბრძოლის ავანგარდში იქნება და მოქალაქეების მხარდაჭერა ექნება, ის იქნება კანდიდატი. პროცესი გამოაჩენს ლიდერს, ჩვენ არ გვინდა კაბინეტში დასახელებული ლიდერები, ჩვენ გვჭირდება საველე ლიდერები“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.