საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის დაარსებიდან ცხრა წელი შესრულდა. პროფესიული დღე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს და სამსახურის თანამშრომლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მიულოცეს.
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განსაკუთრებულ როლს ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეების იდენტიფიცირებასა და პრევენციაში, ასევე სამსახურის თითოეულ თანამშრომელს ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების საქმეში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
„დაარსებიდან დღემდე სამსახურში მრავალი მნიშვნელოვანი ცვლილება, რეფორმა განხორციელდა. საბოლოოდ სამსახური ჩამოყალიბდა ძლიერ სტრუქტურად, რომელიც იცავს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უსაფრთხოებას და ასევე უზრუნველყოფს სახელმწიფოს სუვერენიტეტის ეფექტიანად დაცვას. სამსახურის პირადი შემადგენლობა გამოირჩევა მაღალი პროფესიონალიზმითა და პატრიოტიზმით. განსაკუთრებული პატივია, იდგე სახელმწიფო უსაფრთხოების სადარაჯოზე. თქვენი უშუალო დამსახურებაა ის, რომ ბოლო წლებში, განსაკუთრებით კი რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, წარმატებით მოხერხდა ყველა რისკის პრევენცია, რომლებიც ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ მოქმედ დესტრუქციულ ძალებს შეიძლება ჰქონოდათ მოაზრებული. ჩვენი ქვეყანა არის პატარა ქვეყანა; გვიწევს არსებობა ურთულეს რეგიონში, რეგიონული კონტექსტი დღეს არის განსაკუთრებულად რთული, აქედან გამომდინარე, მომავალშიც გვაქვს თითოეული თქვენგანის იმედი, რომ კვლავაც უზრუნველყოფთ ისევე ეფექტიანად სახელმწიფოს უსაფრთხოებას, როგორც ამას აკეთებდით გასული წლების განმავლობაში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი კობახიძემ განსაკუთრებულად აღნიშნა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის როლი ოკუპაციის თანმდევ პროცესებზე რეაგირების კუთხით.
„საქართველოს ხელისუფლება მოწოდებულია, შეინარჩუნოს მშვიდობა, მიუხედავად სერიოზული წნეხისა და ზეწოლისა, რაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში, სავარაუდოდ, კვლავაც გაგრძელდება. დარწმუნებული ვარ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამ საქმეში მომავალშიც განსაკუთრებულ როლს შეასრულებს. ბატონო გრიგოლ, ბატონო ოფიცრებო, მინდა, კიდევ ერთხელ გადაგიხადოთ განსაკუთრებული მადლობა გაწეული სამსახურისთვის და გისურვოთ წარმატებები; საქართველოს მთავრობის სახელით გპირდებით სრულ თანადგომას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პარლამენტის სახელით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გაძლიერებისა და განვითარების ხელშეწყობისთვის მზადყოფნა დაადასტურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა და სამსახურის ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებს ქვეყანაში მშვიდობის, სტაბილურობის შენარჩუნებისთვის გაწეული ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა.
სამსახურის დაარსების დღესთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 380 თანამშრომელი დაჯილდოვდა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა დღესვე ჯილდოები გადასცა შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს და პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე ტაბატაძეს.