პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ უმაღლეს ჯილდოებზე ოლიმპიურ თამაშებში მონაწილე კიდევ რამდენიმე სპორტსმენი წარადგინეს

10
spot_img

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავრობის განკარგულება პარიზის ოლიმპიურ თამაშებში გამარჯვებულების, მედალოსნების, მწვრთნელების, საექიმო პერსონალისა და ადმინისტრაციული ჯგუფის წევრებისთვის დაპირებული პრემიების მიღების შესახებ დღეს დამტკიცდება.

ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ამასთან, როგორც კობახიძემ აღნიშნა, მათი გადაწყვეტილებით, წმინდა გიორგის სახელობის ორდენზე ოლიმპიური გუნდის წევრები: ლაშა შავდათუაშვილი და ნინო სალუქვაძეც არიან წარდგენილები.

„ჩვენს სახელოვან სპორტსმენებს, ჩვენს ოლიმპიელებს კიდევ ერთხელ მინდა მივულოცო ძალიან დიდი წარმატება, რომელსაც ოლიმპიურ თამაშებზე მივაღწიეთ. ჩვენ გვქონდა იმის იმედი, რომ ისტორიულად საუკეთესო შედეგი დაფიქსირდებოდა ამ ოლიმპიადაზე და ეს ასეც მოხდა. 3 ოქრო, 3 ვერცხლის მედალი და 1 ბრინჯაოს მედალი, ეს არის საუკეთესო შედეგი საქართველოს ისტორიაში, ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ და ყველას მინდა წარმატება მივულოცო. ასევე, 204 ქვეყანას შორის საქართველო 24-ე ადგილზე გავიდა, რაც არის ისტორიულად საუკეთესო შედეგი. ყველას მინდა მოგილოცოთ ეს ძალიან დიდი წარმატება და რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ვულოცავ ოლიმპიელებს, მწვრთნელებს, საექიმო პერსონალსა და მთლიანად იმ გუნდს, რომელიც საქართველოს პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე წარმოადგენდა.

დღეს დამტკიცდება მთავრობის განკარგულება, რომლის საფუძველზეც დაპირებულ პრემიებს მიიღებენ ჩვენი ოლიმპიელები, ასევ გაზრდილ პრემიებს მიიღებენ ოლიმპიელების მწვრთნელები, ექიმები და ადმინისტრაციული ჯგუფის წევრები. ასევე, ჩვენ ოლიმპიური ჩემპიონები და პრიზიორები წარვადგინეთ უმაღლეს ჯილდოებზე. ჩემპიონები წარვადგინეთ წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე. რაც შეეხება პრიზიორებს, ისინი წარვადგინეთ ღირსების ორდენზე. დამატებით ასევე პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, ოლიმპიური გუნდის წევრები წარგვედგინა ასევე უმაღლეს ჯილდოებზე. ესენი არიან: ნინო სალუქვაძე და ლაშა შავდათუაშვილი, რომლებიც წარვადგინეთ წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე. ესენი არიან ოლიმპიური გუნდის წევრები, რომელთაც აქვთ გამორჩეული მიღწევები, ისინი ორივე არიან სამივე სინჯის ოლიმპიური მედლის მფლობელები. ასევე, ისინი არიან მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონები და ამ განსაკუთრებული დამსახურებისთვის წარდგენილნი არიან წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე. ასევე, გურამ თუშიშვილი და ლაშა მარგველაშვილი, ისინი არიან ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონები და ისინიც წარვადგინეთ ღირსების ორდენზე. ასევე ღირსების ორდენზე არიან წარდგენილი ოლიმპიური ჩემპიონებისა და პრიზიორების მწვრთნელები: ლაშა გუჯეჯიანი, გურამ მოდებაძე, ლომერ ჟორჟოლიანი, ამბაკო ავალიანი, გიორგი იანტბელიძე, დავით ხურცია, გიორგი ასანიძე, ავთანდილ გახოკიძე, ბეჟან ჭიჭინავა, ილია ტლაშაძე, ალექსი ღვინიაშვილი, კახა წიკლაური, არჩილ ბარამიძე, ლევან ქობულაშვილი, მირზა ხაბარელი და გია ობოლაძე. თითოეულ მათგანს მინდა მადლობა გადავუხადო. ჩვენ ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია მწვრთნელის როლი სპორტსმენის წარმატებაში. რა თქმა უნდა, თითოეულმა მათგანმა დაიმსახურა უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო.

ასევე, როგორც მოგეხსენებათ, 17 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართა თავისუფალ ჭიდაობაში, სადაც ოლიმპიური ჩემპიონის ძმამ, კოტე პეტრიაშვილმა მოიგო ოქროს მედალი, გახდა 17 წლამდელთა შორის მსოფლიო ჩემპიონი. მინდა მივულოცო ძალიან დიდი წარმატება და ასევე, ნიკოლოზ მაისურაძეს მინდა მივულოცო მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონობა. ქართული სპორტი არის წარმატების გზაზე და, რა თქმა უნდა, ყველაფერი გაკეთდება მთავრობის მხრიდან იმისთვის, რომ ამ ტენდენციას ხელი შევუწყოთ. დარწმუნებული ვარ, რომ მომდევნო წლებში კიდევ უფრო მეტი წარმატება ექნება ქართულ სპორტს, რასაც ჩვენ ძალისხმევას არ დავაკლებთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.