პრემიერ-მინისტრმა აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამი მიულოცა

4
spot_img

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა.

მთავრობის მეთაური, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად, მარნეულში ნოვრუზ ბაირამისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებს დაესწრო.

პრემიერ-მინისტრმა აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს სიტყვით მიმართა და მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა.

„ნოვრუზ ბაირამი არის განახლების, სიკეთის დღესასწაული. ჩვენ ვამაყობთ მრავალსაუკუნოვანი თანაცხოვრებით, მეგობრობით, რომელიც გვაკავშირებს ჩვენ, ქრისტიანებს და მუსლიმებს, ქართველებს და აზერბაიჯანელებს. ეს არის ნამდვილად საამაყო ურთიერთობა და მეგობრობა. ჩვენ მრავალი წლის განმავლობაში ერთად ვქმნიდით ჩვენი საერთო ქვეყნის მომავალს. ეს ისტორია გრძელდება დღესაც და ეს არის ის შესანიშნავი ტრადიცია, რომელიც უნდა გადავცეთ ჩვენს შვილებს და მომავალ თაობებს. კიდევ ერთხელ მინდა მოგილოცოთ ნოვრუზ ბაირამი და გისურვოთ ყოველივე საუკეთესო, მშვიდობა და კეთილდღეობა”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრი მარნეულის ცენტრში დღესასწაულთან დაკავშირებით მოწყობილ საგამოფენო სივრცეს და ეთნოკუთხეს ეწვია, ასევე დაესწრო სხვადასხვა სპორტულ და კულტურულ ღონისძიებას.

აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა, ქვემო ქართლის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა, სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა, პარლამენტის წევრებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.