“პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ფინანსური დავალიანების მიზეზით სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს არსებული დავალიანება გაუნულდებათ”

550
spot_img
“სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების სახელით მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს იმ მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებებისათვის, რომლებიც ახალი 2023-2024 სასწავლო წლის დასაწყისში გახდა ცნობილი.
პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, ამ სასწავლო წლიდან 2500-ის ნაცვლად 5000 წარმატებული სტუდენტი ყოველთვიურად 300 ლარის ოდენობის სტიპენდიას მიიღებს, ნაცვლად 150 ლარისა. ეს მნიშვნელოვანი ფინანსური მოტივაციაა ჩვენი საზოგადოების ყველაზე ჯანსაღი ნაწილისათვის. დღეს გამოქვეყნდა ახალი დადგენილება, რომელიც ასევე დიდი მხარდაჭერაა ჩვენი სტუდენტებისათვის. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ფინანსური დავალიანების მიზეზით სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს არსებული დავალიანება გაუნულდებათ. უპრეცედენტო გადაწყვეტილება შეეხება საჯარო და კერძო უნივერსიტეტების, დაახლოებით 30 000-მდე საქართველოს მოქალაქე სტუდენტს, რომლებსაც ჯამში 40 მილიონამდე ლარის დავალიანება ჩამოეწერებათ.
შესაბამისი პროცედურების გავლის შემდგომ ისინი კვლავ დაუბრუნდებიან აუდიტორიებს. ეს მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი და სოციალური გადაწყვეტილებაა, რომელიც დაეხმარება ჩვენს სტუდენტებს, კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ სასწავლო პროცესს, განათლების მიღებას, რადგან მათი კონკურენტუნარიანი განათლება, ცოდნა ჩვენი ქვეყნის აღმაშენებელია, წარმატებაა. ამიტომაცაა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სლოგანი: „ცოდნა აღმაშენებელი!“ მიუხედავად იმისა, რომ რთულ და წინააღმდეგობრივ დროში ვცხოვრობთ, ცოდნას, პროფესიონალიზმს შეუძლია ყველა წინააღმდეგობის დაძლევა და აღმშენებლობა. ამასთანავე, მსურს მადლობა გადავუხადო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, ბატონ გიორგი ამილახვარს, რომლის აქტიურობითაც ეს მნიშვნელოვანი, სახელმწიფოებრივი განკარგულებები დღეს უკვე მოქმედებაშია”.
პროფესორი ზურაბ ხონელიძე – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი