პრემიერ-მინისტრი გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სახელმწიფო მდივნის მუდმივ მოადგილეს შეხვდა

48
spot_img

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სახელმწიფო მდივნის მუდმივ მოადგილეს სერ ფილიპ ბარტონს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და პოლიტიკური ურთიერთობების განვითარების პოზიტიური დინამიკა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველო აფასებს გაერთიანებული სამეფოს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის მიმართ. ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერების და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების მიმართულებით გაერთიანებული სამეფოს მნიშვნელოვან წვლილს.

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებული „უორდროპის სტრატეგიული დიალოგი”, რომელიც ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის თანამშრომლობის მთელ სპექტრს მოიცავს და თანამშრომლობის შეთანხმებას განამტკიცებს.

საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებსა და ომის გავლენას რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე.

შეხვედრას ესწრებოდნენ დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მარკ კლეიტონი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.