პოლონეთში რუმინეთის მსგავს ვითარებას არ გამორიცხავს – “შეიძლება თუ არა, არჩევნებში გაიმარჯვონ მხოლოდ მათ, ვისაც ბრიუსელი უჭერს მხარს? შედეგების დაცვა მოგვიწევს”-ანჯეი დუდა

4
spot_img

პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა არ გამორიცხავს, რომ ქვეყანაში მაისში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებზე რუმინეთის მსგავსი სიტუაცია განვითარდეს.

ამის შესახებ სოციალურ ქსელ X-ში პრეზიდენტის კანცელარიის გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

პოლონური ტელეკომპანიის, Kanal Zero-ს შეკითხვაზე, შესაძლებელია თუ არა მაისში რუმინეთის მსგავსი სიტუაციის განვითარება, პრეზიდენტი ანჯეი დუდა პასუხობს: „ამ შეკითხვას ხშირად ვუსვამ ჩემს თავს“.

„შეიძლება თუ არა, არჩევნებში გაიმარჯვონ მხოლოდ მათ, ვისაც ბრიუსელი უჭერს მხარს? ჩვენ აუცილებლად მოგვიწევს პოლონეთში არჩევნების შედეგების დაცვა. არსებობს დემოკრატიისთვის რეალური საფრთხე, რუმინეთის მაგალითი ამას თვალსაჩინოდ აჩვენებს”, – განაცხადა ანჯეი დუდამ.

ამასთან, ტელეკომპანიასთან ინტერვიუში ანჯეი დუდამ საპროტესტო გამოსვლებისკენ მოუწოდა მოქალაქეებს იმ შემთხვევაში, თუ პოლონეთში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გაუქმდება, როგორც ეს რუმინეთში მოხდა, სადაც არჩევნების პირველი ტურის შედეგები საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა უცხოურ ჩარევასთან დაკავშირებული ბრალდებების ფონზე.

პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნები 18 მაისს გაიმართება.

რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 24 ნოემბერს ჩატარდა, სადაც, ყველასთვის მოულოდნელად, 22%-ით მემარჯვენე კანდიდატმა, კალინ ჯორჯესკუმ მოიპოვა უპირატესობა, თუმცა ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლომ არჩევნების პირველი ტურის შედეგები მეორე ტურამდე ორი დღით ადრე, 6 დეკემბერს გააუქმა. რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა განაცხადეს, რომ შედეგების ბათილად ცნობის გადაწყვეტილება სადაზვერვო დოკუმენტების საფუძველზე მიიღეს, რომლებიც პირველ ტურზე რუსეთის გავლენას ადასტურებს.

რუმინეთში ხელახალი საპრეზიდენტო არჩევნები 4 მაისს არის დანიშნული.