პოლონეთის საელჩოს განცხადება ერთგვარი აღიარებაა, რომ საქართველოში რადიკალების მიერ გამართულ აქციებში ადამიანები ამ ქვეყნიდანაც იღებდნენ მონაწილეობას -დავით მათიკაშვილი

14
spot_img

საქართველოში აქციებში, რომელიც რადიკალების მიერ იმართებოდა, უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც მონაწილეობდნენ. შესაბამისად, პოლონეთის საელჩოს მხრიდან გაკეთებული განცხადება ერთგვარი აღიარებაა, რომ ადამიანები აქციებში მონაწილეობას ამ ქვეყნიდანაც იღებდნენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მათიკაშვილი აღნიშნული კომენტარით პოლონეთის საელჩოს განცხადებას გამოეხმაურა.

„ადამიანს სამართალდარღვევა თუ არ ჩაუდენია, საქართველოში შემოსვლაზე არანაირი პრობლემა არ ექნება. პირიქით, ჩვენი ქვეყანა ტურისტისთვის აბსოლუტურად ღიაა. იცით საქართველოში ტურიზმის მზარდი ტემპის შესახებ. კონკრეტული ქვეყნის საელჩო მსგავს განცხადებას როცა აკეთებს, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ მას საკუთარი მოქალაქეების მიერ საქართველოში მოწყობილ რადიკალურ აქციებზე მონაწილეობის შესახებ სათანადო ინფორმაცია აქვს. გარკვეულწილად, ეს აღიარებაა, რომ პოლონეთის მოქალაქეები რადიკალების მიერ მოწყობილ ომის ინსცენირებაში მონაწილეობდნენ. ეს პარალელია, უბრალოდ ფაქტი, რომელიც შეგვიძლია, პოლონეთის საელჩოს განცხადებიდან გამომდინარე ვთქვათ. დანარჩენი, ცხადია, სამართალდამცავი ორგანოების საქმეა“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

პოლონეთის საელჩომ საკუთარ მოქალაქეებს მიმართა, საქართველოში გამგზავრებამდე შეაფასონ ფაქტორები, რომლებიც შესაძლოა, ქვეყანაში შესვლაზე უარის თქმის საფუძველი გახდეს. „საქართველოს ხელისუფლებას აქვს სუვერენული უფლება, შეაფასოს უცხო ქვეყნის მოქალაქის შესვლის რისკფაქტორები. ასევე, ქვეყანაში შესვლაზე უარის თქმის გადაწყვეტილება, შეიძლება, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მფლობელებზეც გავრცელდეს. ასევე, გვსურს, თქვენი ყურადღება გავამახვილოთ იმაზე, რომ დემონსტრაციებში მონაწილეობისთვის, თუნდაც სავარაუდო მონაწილეობისთვის, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, შესაძლოა, მაღალი ჯარიმები დაუწესდეთ, ხოლო საქართველოში ხელახლა შესვლის დროს, შესაძლოა, ეს ჯარიმები დაუყოვნებლივ გადაგახდევინონ„, – აღნიშნულია პოლონეთის საელჩოს განცხადებაში.