პოლიციელზე ხელის აღმართვა სახელმწიფო ინსტიტუციაზე თავდასხმას ნიშნავს -კახა კალაძე

5
spot_img

თბილისის მერმა, კახა კალაძემ პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სამართალდამცველებს პროფესიული დღე მიულოცა.

კახა კალაძის თქმით, სახელმწიფოს შენების პროცესში პოლიციელს მნიშვნელოვანი როლი აკისრია.

„დიდი პატივია, პროფესიული დღე მოგილოცოთ თქვენ, ჩვენო გმირო და დაუღალავო პოლიციელებო. თქვენ ხართ ადამიანები, ვისი ყოველდღიური საქმიანობაც, ხშირ შემთხვევაში, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, ქვეყნისა და მოქალაქეების დაცვაა. ატარებდე პოლიციელის მუნდირს, ნიშნავს არა მარტო დაკისრებული მოვალეობის შესრულებას, არამედ გაცნობიერებას იმ უდიდესი პასუხისმგებლობის, რაც ქვეყნის უსაფრთხოების სადარაჯოზე ყოფნა, ადამიანის უფლებების დაცვა და მართლწესრიგის აღსრულებაა. პოლიციელები, მეხანძრე-მაშველები, მესაზღვრეები, ყველა, ვინც 24 საათის განმავლობაში სახელმწიფოს სადარაჯოზე დგას, ღირსეულ სამუშაო პირობებს საჭიროებს. პოლიციელზე ხელის აღმართვა ნიშნავს სახელმწიფო ინსტიტუციაზე თავდასხმას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძემ გაწეული საქმიანობისთვის ვახტანგ გომელაურს მადლობა გადაუხადა, ახალ მინისტრს კი წარმატებები უსურვა.

„პოლიციელის დღეს ვულოცავ შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს – ყველას, ვინც ამ წუთებშიც კი იცავს ქვეყნის უსაფრთხოებას, მშვიდობასა და მოქალაქეთათვის ქმნის დაცულ გარემოს; ვულოცავ შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალ მინისტრს, რადგან ამ მიმართულების ხელმძღვანელობა განსაკუთრებულ ძალისხმევას მოითხოვს; გულითად მადლობას ვუხდი უწყების აწ უკვე ყოფილ ხელმძღვანელს, ვახტანგ გომელაურს, რომელმაც ბოლო წლების განმავლობაში, სახელმწიფო გადატრიალების არაერთი მცდელობა აღკვეთა და მშვიდობის შენარჩუნებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა.

აქვე, ქედს ვიხრი სამსახურებრივი მოვალეობის დროს გარდაცვლილი პოლიციელების წინაშე. მადლობა თქვენ ქვეყნის ღირსეული მსახურებისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.