პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ორი პირი დააკავა

18
spot_img

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე წარსულში ნასამართლევი პირები: 1972 წელს დაბადებული ლ.ა. და 1972 წელს დაბადებული გ.ჭ. დააკავეს.

დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალდებულები საქართველოში ევროპის ერთ-ერთი ქვეყნიდან, თბილისის აეროპორტის გავლით შემოვიდნენ.

სამართალდამცველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ლ.ა.-ს თან ნაქონი მცირე ზომის ჩანთიდან ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, ხოლო გ.ჭ.-სგან ამოღებულია 336 აბი ნარკოტიკული საშუალება ,,სუბოტექსი”, რომელიც ბრალდებულმა საქართველოში სხეულით შემოიტანა.

პოლიციამ ორივე მათგანი ბრალდებულის სახით დააკავა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.