პოლიცია განაგრძობს შეკრების თავისუფლებაში უკანონო ჩარევას -არასამთავრობო ორგანიზაციები

48
spot_img

საქართველოში მოქმედი 9 არასამთავრობო ორგანიზაცია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებენ, რომ შეწყვიტოს მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება.

ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსული კანონის წინააღმდეგ 2024 წლის 16 აპრილს გამართულ აქციაზე დაკავებულია 11 დემონსტრანტი. თუმცა ეს არ არის დაკავებულთა საბოლოო რაოდენობა, პოლიცია განაგრძობს მოქალაქეების შეკრების თავისუფლებაში უკანონო ჩარევას, კვლავ აკავებს მშვიდობიან დემონსტრანტებს და გარკვეულ შემთხვევებში, ადგილი აქვს მოქალაქეთა მიმართ მძიმე ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტებს. არაერთი მცდელობის მიუხედავად, შსს ადვოკატებს არ აწვდის ინფორმაციას დაკავებულთა ადგილსამყოფელის შესახებ.

მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეწყვიტოს მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება და ასევე დროულად მიაწოდოს ადვოკატებს ინფორმაცია დაკავებულთა ადგილსამყოფელის შესახებ. მოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები“, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ:

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”;

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”;

“საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა”;

“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება”;

“სოციალური სამართლიანობის ცენტრი”;

“ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი”;

“ადამიანის უფლებათა ცენტრი”;

“უფლებები საქართველო”;

“სამოქალაქო საზოგადოების ფონდი”;