“პოლიტსაბჭოს გაფართოება არის მნიშვნელოვანი კონსოლიდაციისთვის” – თინა ბოკუჩავა

35
spot_img

პოლიტსაბჭოს გაფართოება არის მნიშვნელოვანი კონსოლიდაციისთვის, მათ შორის, ესაა შესაძლებლობა იმ ადამიანებისთვის, ვინც, შესაძლოა, ეძებდნენ გზებს, გააგრძელონ რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა “ნაციონალური მოძრაობის” წიაღიდან, – ამის შესახებ პარლამენტში “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისი თქმით, “ნიკა მელიამ უარი თქვა ერთობის მანიფესტზე ხელმოწერაზე, რითაც დატოვა საკუთარი თავი პარტიის მიღმა, თუ ის შეცვლის ამ გადაწყვეტილებას და სურს პარტიაში დაბრუნება, კარი მუდმივად ღიაა ყველასთვის, ვინც საკუთარ თავს ნაციონალურ მოძრაობაში ხედავს“.

„მას გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს პარტიის დატოვებასთან დაკავშირებით. თუ ამ გადაწყვეტილებას შეცვლის და უარს აღარ იტყვის ერთობის მანიფესტზე ხელმოწერაზე, ალბათ, პოლიტსაბჭოც არ იქნება წინააღმდეგი, ეს მოცემულობა განიხილოს. მე არასერიოზულად და კონტრპროდუქტიულად მიმაჩნია საერთო დიდი მიზნებისთვის ყოველ სამ თვეში არჩევნების მოთხოვნის დაყენება. არასერიოზულია ეს მაშინ, როცა გველოდება დიდი, გადამწყვეტი გეოპოლიტიკური არჩევნები და ყველამ ერთმანეთს უნდა ჩავჭიდოთ ხელი, მიუხედავად აზრთა სხვაობისა არამხოლოდ პარტიაში, ზოგადად ოპოზიციაში, თუ გვინდა, რომ ეს გადამწყვეტი ბრძოლა მოვიგოთ.

პოლიტსაბჭოს გაფართოება არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა. პრეზიდენტი სააკაშვილის ინიციატივა, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია პარტიის კონსოლიდაცია, რომ ერთიანი ძალებით შევიდეთ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს არჩევნებში. ამ თვალსაზრისით ვფიქრობ, ძალიან სწორი, კარგი ინიციატივაა პოლიტსაბჭოს გაფართოება, სადაც დაგვემატება ბევრი მებრძოლი ადამიანი, რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად ბრძოლის, ისევე, როგორც ახალგაზრდები, რომლებიც საინტერესო ხედვებს შემოგვთავაზებენ, რათა პარტიამ გაიმარჯვოს და შემდეგ მოხდეს პროდასავლური კოალიციის ფორმირება,“ – განაცხადა ბოკუჩავამ.

ამასთან, მან უპასუხა გოცირიძეს, რომელიც ამბობს, რომ ყრილობის მოწვევის გარეშე პოლიტსაბჭო ვერ გაფართოვდება და ამას ითვალისწინებს წესდება. ბოკუჩავა აცხადებს, რომ „წესდება შედგენილია ბევრი მაღალკვალიფიციური იურისტის მიერ და ყველა გადაწყვეტილება, რომელსაც იღებენ, არის წესდების შესაბამისი“.