“ლელოს”, “ანა დოლიძე ხალხისთვის” და “თავისუფლების მოედნის” ოპოზიციურ გაერთიანებას კიდევ ერთი პოლიტიკური პარტია უერთდება. გაერთიანების ახალ წევრად ალეკო ელისაშვილი და მისი პარტია „მოქალაქეები“ დღეს ოფიციალურად წარადგინეს.
პოლიტიკური გაერთიანების ოფიციალური ღონისძიება გუდიაშვილის სკვერში მიმდინარეობს. ამომრჩეველს მორიგი გაერთიანების მიზნები გააცნეს და საარჩევნო გეგმებზე ისაუბრეს.
როგორც ელისაშვილმა გუდიაშვილის სკვერში მიმდინარე ღონისძიებაზე განაცხადა, ახლა არა ბოდიშების, არამედ შერიგების და ერთად დგომის დროა, რადგან “თავიც, შუაც და ბოლოც არის სამშობლო”, რადგან ახლა ქვეყანას თავისუფლებას ართმევენ და უბრალოდ ყიდიან.
“ვიცი, რომ მტერი დავამწუხრეთ ჩვენი შერიგებით და ერთობით და მოყვარე ძალიან გავახარეთ. გახსოვთ, მე და მამუკას გვქონდა ძალიან არასასიამოვნო ინციდენტი ერთხელ და მთელი საქართველო გვადევნებდა თვალყურს. ჩვენ ვიმსჯელეთ, შევხვდით ცოტა ხნის წინ, ერთმანეთს და ვუთხარით, რომ არც ბოდიშების დროა ახლა, ახლა შერიგების დროა და ერთად დგომის დროა. რატომ ვდგებით ახლა ერთად?- თავიც, შუაც და ბოლოც არის ჩვენი სამშობლო. რატომ გვაქვს გული ასე დამძიმებული და დაჭმუჭნილი ბოლო პერიოდში? – იმიტომ, რომ ვხედავთ, ჩვენ ქვეყანას თავისუფლებას ართმევენ; უბრალოდ, ქვეყანას გვიყიდიან, გადაუჭარბებლად. ვხედავთ, რომ ჩვენი ქვეყანა არის განსაცდელში. ხალხი, ვინც ამ ქვეყანას თავს მოაჯდა, “ლაჯებში ამოიდო” ჩვენი ქვეყანა – გაუტკბათ ქვეყნის ძარცვა, გაუტკბათ პატარა ბიჭ-ბუჭებს ძალაუფლება, მოსწონთ ბიუჯეტიდან ფულის პარვა, აქეთ-იქით სეირნობა და დროის ტარება. იმდენად არ ეთმობათ ეს ყველაფერი, რომ მზად არიან სამშობლო გაგვიყიდონ”, – განაცხადა ელისაშვილმა.