,,პოდოლიაკის განცხადება ყოველთვის აღქმული იქნება, როგორც ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგო განცხადება”- არჩილ გორდულაძე

21
spot_img

ქართულ საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს, ვინ არის პოდოლიაკი და რა განცხადებებს აკეთებდა 2022 წლის განმავლობაში. მისი განცხადება ყოველთვის აღქმული იქნება, როგორც ჩვენი ქვეყნის, ქართველი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგო განცხადება, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

გორდულაძე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის, მიხაილ პოდოლიაკის განცხადებას, სადაც მან აღნიშნა: „საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა ნამდვილად არაა დაინტერესებული პოლიტიკით, რომელსაც „ქართული ოცნება“ ატარებს“.

„მის განცხადებებში და, ზოგადად, უკრაინის ხელისუფლების ქმედებებში პირდაპირ იკითხებოდა ხოლმე არაკეთილსასურველი და არაკეთილსაიმედო ქმედებები ჩვენი ქვეყნის მიმართ. განსაკუთრებით ეს ეხებოდა მეორე ფრონტის გახსნის საკითხს. შესაბამისად, პოდოლიაკის განცხადებები აღქმულია და ყოველთვის აღქმული იქნება, როგორც ჩვენი ქვეყნის, ქართველი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგო განცხადება. მისი ნათქვამი ნებისმიერი სიტყვაც კი მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოა. ჩვენ ხომ არ ვსაუბრობთ, რა გავლენები არსებობს უკრაინის ხელისუფლების შტოებში, რა გამოწვევები თუ დარღვევებია მათ ხელისუფლებაში. ჩვენ ვუფრთხილდებით უკრაინელ ერს. ომის ქარცეცხლიდან გამომდინარე, რაც ტრიალებს უკრაინაში, გარკვეული განცხადებების გაკეთებისგან თავს ვიკავებთ ხოლმე. ამის მიუხედავად, ეს ბატონები პირდაპირ ერევიან ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში. ამ დროს, როცა სცალიათ, საქართველოზე განცხადება გააკეთონ, სულ ორი ვარიანტია: ან არაჯეროვნად ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობებს და არ შეუძლიათ, იმუშაონ ისე, როგორც არის უკრაინელი ხალხის ინტერესებისთვის სასარგებლო, ან გარკვეული ძალების მხრიდან მითითებით პირდაპირ ცდილობენ, ჩვენს ქვეყანაში არეულობა შემოიტანონ. ეს არის ორი მოცემულობა, რომელზეც ქართულ საზოგადოებას შეუძლია, კარგად იმსჯელოს, რომელია ამ დაშვებიდან სიმართლე და, შემთხვევით, ორივე ხომ არ არის“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.