“პირობა, რომლის შესრულებაც ივანიშვილის რეჟიმს მოუწევს, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაა”

78
spot_img

ევროპარლამენტში ყველა ხაზს უსვამს იმას, რომ დადებითი გადაწყვეტილება ევროკომისიის მხრიდან ქართველი ხალხის მონაპოვარია, რომ ეს არის ქართველი ხალხის დამსახურება, რადგან საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა ევროკავშირში გაწევრიანებას უჭერს მხარს, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაზე განაცხადა.

როგორც პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, თინა ბოკუჩავა ბრიუსელში ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის სესიაში მონაწილეობს.

მათივე ცნობით, პოლიტიკური და ენერგოუსაფრთხოების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გამოსვლისას, მან ხაზი გაუსვა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების უსაფრთხოების კომპონენტის გაძლიერების აუცილებლობას და ოჩამჩირეში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის გახსნის საფრთხე აღნიშნა. ასევე ევროკომისიის მიმართ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე პოზიტიური რეკომენდაციისთვის მადლიერება გამოხატა და ხაზი გაუსვა იმ 9 დათქმის შესრულების აუცილებლობას, რომელიც ევროკომისიის ანგარიშშია აღნიშნული.

„ერთი მხრივ, ყველა ევროპარლამენტში ხაზს უსვამს იმას, რომ დადებითი გადაწყვეტილება ევროკომისიის მხრიდან, ქართველი ხალხის მონაპოვარია, რომ ეს არის ქართველი ხალხის დამსახურება, რადგან საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს უჭერს. მეორე მხრივ, ხაზს უსვამენ იმის, რომ საქართველო მოლდოვასა და უკრაინას დაეწიოს, გაიხსნას მოლაპარაკებები გაწევრიანებისთვის. მაშინ, როდესაც საქართველო ასოცირების ტრიოში მოწინავე ქვეყანა იყო, მაგრამ ახლა პრაქტიკულად, ერთწლიანი ჩამორჩენაა უკრაინასთან და მოლდოვასთან მიმართებით. აუცილებელია რეფორმების გატარება, თუმცა ილუზია იმასთან დაკავშირებით, რომ „რუსული ოცნება“ ამ რეფორმებს გაატარებს, დიდად არ არის. ერთი პირობის შესრულება, რომლის შესრულებაც ივანიშვილის რეჟიმს აუცილებლად მოუწევს, ეს არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება. კანდიდატის სტატუსის დადებითი გადაწყვეტილება, ერთგვარად, სამართლიანი არჩევნების გარანტად იქცევა, რის შედეგადაც, ხელისუფლება უცილებლად შეიცვლება და შემდეგ დემოკრატიული, დასავლური, ევროპული, კოალიციური ხელისუფლება განახორციელებს რეფორმებს, რათა საქართველოსთვისაც გაიხსნას მოლაპარაკებები გაწევრიანებაზე ევროკავშირთან“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.