პია კაუმამაც დაინახა, რა სამარცხვინო ოპოზიციასთან გვაქვს საქმე, ადამიანი უბრალოდ გააგიჟეს, ჯერ თითქმის რუსად გამოაცხადეს და როგორც კი თქვა, არ ჩამოვდივარო, ტაში დაუკრეს- შალვა პაპუაშვილი

44
spot_img

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ჩამოდიოდა, რომ შეხვედროდა ოპოზიციასაც, ხელისუფლებასაც და ადამიანი უბრალოდ გააგიჟეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საერთო ჯამში, ამ ყველაფერში კარგიც უნდა დავინახოთ, თავად პია კაუმამაც დაინახა, რა სამარცხვინო ოპოზიციასთან გვაქვს საქმე საქართველოში.

„გახსოვთ, პირველად სიტყვა პოლარიზაცია რომ ახსენა ზოგიერთმა უცხოელმა და ხელისუფლებას მოგვიწოდებდა დეპოლარიზაციისკენ, უცხოელების მხარდაჭერილი, ხელშეწყობილი, თავზე ხელგადასმული ოპოზიციის ქცევა რა იყო. საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ჩამოდიოდა, რომ შეხვედროდა ოპოზიციასაც, ხელისუფლებასაც, ყველას, ვისაც მასთან შეხვედრის სურვილი ექნებოდა და ადამიანი უბრალოდ გააგიჟეს. ასეთ ხალხთან გვაქვს საქმე ჩვენ,  საქართველოს ხელისუფლებას. ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით ხოლმე, ზოგი არ იჯერებდა. შეხედეს ხომ?! შეხედეს, რომ არის აბსოლუტური ექსტრემისტების ჯგუფი, პოლიტიკური რადიკალები და ექსტრემისტები, რომლებიც აბსოლუტურად ყველას გადაუვლიან. მანამდე, ქალბატონი პია ლამის რუსად გამოაცხადეს და როგორც კი მან თქვა, რომ კარგი, არ ჩამოვდივარო, შემდეგ ტაში დაუკრეს. არაადეკვატური რადიკალების ჯგუფთან გვაქვს საქმე.

მე მგონი, კარგი იქნება, გარდა ვიზუალისა, ოპოზიცია ცოტა კითხვაზეც თუ გადავა და პია კაუმას წერილსაც თუ წაიკითხავს, სადაც ის საგარეო საქმეთა მინისტრს მიმართავს, პრემიერ-მინისტრთან საუბარს და პარლამენტთან თანამშრომლობას ახსენებს. უბრალოდ სასაცილო, საბავშვო ბაღი აქვს მოწყობილი ოპოზიციას და მათ მფარველ უცხოელებს. რა დონესთან გვაქვს საერთოდ საუბარი და საერთო ჯამში, ბატონყმური დამოკიდებულება აქვს ოპოზიციას, რომ ქართველი ხალხისგან კი არ უნდა ლეგიტიმაცია, ქართველ ხალხთან საარჩევნო კამპანიაც კი არ ჩაუტარებია. მათ ლეგიტიმაცია უნდათ რომელიღაცა უცხოელი პოლიტიკოსისგან, თუ რაღაც პოლიტიკური ჯგუფისგან. კარგია, რომ ამ არჩევნებმა ეს რეალობა დაგვანახა, საბოლოო ჯამში, ვისთან გვაქვს საქმე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, ევროპარლამენტარმა, რიჰარდ კოლსმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი 8-10 იანვარს საქართველოში დელეგაციით ვიზიტს გეგმავს.

სამმა ოპოზიციურმა გაერთიანებამ პია კაუმას წერილით მიმართა, რომელშიც ნათქვამია, რომ „ვიზიტის გადადება იქნება საუკეთესო გადაწყვეტილება, ვიდრე რეჟიმი არ აიღებს ვალდებულებას არჩევნების დანიშვნისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მიმართ“. ასევე, პია კაუმას წერილით მიმართა გიორგი გახარიამ, რომლის მიხედვითაც, გახარია მოუწოდებს პია კაუმას, გადახედოს თბილისში ვიზიტის მიზანსა და დროს. პია კაუმას საქართველოში დაგეგმილ ვიზიტს გამოეხმაურა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთიც. მისი თქმით, „პია კაუმას დაგეგმილი მოგზაურობა საქართველოში სერიოზული შეცდომაა“.

გუშინ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პია კაუმამ განაცხადა, რომ საქართველოში ვიზიტი გადადო. მოგვიანებით პია კაუმამ მაკა ბოჭორიშვილს წერილით მიმართა, სადაც აღნიშნულია: „გმადლობთ გაგებისა და თანამშრომლობისთვის, ვიმედოვნებ, შევძლებთ ერთად მუშაობას დემოკრატიული პრინციპებისა და პროცესების განმტკიცებისთვის“.