ფოთის და ანაკლიის პორტის პროექტები განხორციელდება ისე, რომ საქართველოს შესაძლებლობა გაიზარდოს და სახელმწიფო ინტერესები იყოს დაცული – ლევან დავითაშვილი

14
spot_img

ვფიქრობ, რომ ორივე პროექტი, როგორც ფოთის, ასევე ანაკლიის პორტის პროექტები განხორციელდება ისე, რომ საქართველოს შესაძლებლობა გაიზარდოს და სახელმწიფო ინტერესები იყოს დაცული,- ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში საპორტო ინფრასტრუქტურა განვითარდეს, თუმცა ეს სახელმწიფოს ინტერესების დაცვით უნდა მოხდეს.

„რაც შეეხება „ეიპიემ ტერმინალის“ გაფართოების საკითხს, ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველოში საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება, თუმცა ყოველთვის ვამბობთ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით და დაცვით, რადგან საბოლოო შედეგი, რაც გვინდა რომ მივიღოთ, არის უფრო გამართული ოპერაციები, მეტი კონკურენტუნარიანობა და ეს ყველაფერი უნდა მოხდეს სახელმწიფოს ინტერესების დაცვით. ყველაფერი ყველაფრის ფასად – ეს არ არის ჩვენი პრინციპი, ასეთი პრინციპი დამაზიანებელი იყო ჩვენი ეკონომიკისთვის წლების განმავლობაში. ამიტომ, ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენს პარტნიორს „ეიპიემ ტერმინალს“, რომელიც საერთაშორისო მაღალი რეპუტაციის ოპერატორია, რომელთანაც ჩვენ გვაქვს მჭიდრო დიალოგი, გასულ კვირასაც პირადად მე მქონდა ახალ ხელმძღვანელთანაც შეხვედრა და ჩვენ ვისაუბრეთ გეგმებზე და ვფიქრობ, სამინისტროს არ აქვს დიალოგის დეფიციტი, ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო კონკრეტული კომუნიკაცია, მაგრამ ის თუ რა პირობით მოხდება ინვესტიციების განხორციელება, მათ შორის, საპრივატიზაციო პირობები, სახელმწიფოს მხრიდან ვალდებულებები საჯარო ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების კუთხით და ა.შ. ეს არის განსახილველი საკითხები, რომელიც, რა თქმა უნდა, იქნება მოლაპარაკების საგანი. 7 წლის განმავლობაში ბევრჯერ შეცვალა კომპანიამ და ინვესტორმა თავისი პირობები და მათიც გასაგებია, იმიტომ, რომ კონიუნქტურა ამ 7 წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად იცვლებოდა და ასეთი ტიპის ინვესტიციები ყოველთვის რთულად განსახორციელებელია. აქედან გამომდინარე, ანაკლიის პროექტიც ძალიან რთულია ინვესტორებისთვის, მით უმეტეს, რომ ეს არის „გრინფილდ“ პროექტი და ამიტომ ჩვენ ძალიან დიდი ძალისხმევა ჩავდეთ იმაში, რომ მაქსიმალურად სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით მოვახდინოთ ამ პროექტის განხორციელება. ესეც მიდის გეგმაზომიერად, აქაც არანაირი პრობლემა და შეფერხება არ არის, არაფერ კავშირში არ არის კონკრეტულად რომელიმე ქვეყნის მონაწილეობა ამ პროექტში და ვფიქრობ, რომ ორივე პროექტი განხორციელდება ისე, რომ საქართველოს შესაძლებლობა გაიზარდოს და სახელმწიფო ინტერესები იყოს დაცული“, – განაცხადა დავითაშვილმა.