ფილმის – “ნულოვანი ტოლერანტობა” პრემიერა გაიმართა, რომელიც გიორგი ზერეკიძის ამბავს მოგვითხრობს

21
spot_img

დღეს კინოსახლში ფილმის ,,ნულოვანი ტოლერანტობა“ პრემიერა გაიმართა.

დოკუმენტური ფილმი გიორგი ზერეკიძის ამბავს მოგვითხრობს. 2006 წელსა და შემდგომ პერიოდში საკუთარ თავზე გადახდენილ მოვლენებს მაყურებელს თავად გიორგი ზერეკიძე უამბობს. ის იხსენებს 14 წლის ასაკში დაკავებას, მიზეზებსა და ციხეში გატარებულ წლებს.

ფილმში გამოყენებულია ფოტო, ვიდეო და აუდიო მასალები არქივიდან.

ფილმის ავტორის, გიორგი ზერეკიძის განცხადებით, საზოგადოებას უნდა შეახსენონ „ნაციონალური მოძრაობის“ ძალმომრეობითი პოლიტიკა.

,,რა თქმა უნდა, არ იყო მარტივი, მაგრამ საზოგადოებას უნდა შევახსენოთ „ნაციონალური მოძრაობის“ ძალმომრეობითი პოლიტიკა, რას წარმოადგენდა, როგორ ვიჩაგრებოდით მაშინ ადამიანები. სწორედ ამიტომ დღეს მოხდა ჩვენება ამ ფილმის, უფრო ფილმად გაკეთებული ნამდვილი ამბის“, – ამბობს გიორგი ზერეკიძე.

როგორც საზოგადოებრივი მოძრაობის, „საქართველო უპირველეს ყოვლისას“ დამფუძნებელმა, ვატო შაქარიშვილმა აღნიშნა, გიორგი ზერეკიძე იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის მსხვერპლი გახდა.

„14 წლის ბავშვის წინააღმდეგ გაერთიანდა მთელი სისტემა გამომდინარე იქიდან, რომ ახალი გამოცხადებული იყო ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა და ერთ-ერთი პირველი იყო გიორგი, ვინც ამ პოლიტიკას ემსხვერპლა. ამიტომ გაჩნდა ეს იდეა გიორგის თანატოლებში, ჩვენს მეგობრებში, „რედ ლაინ ფროდაქშენის“ წარმომადგენლებში, რომ ეს საზოგადოებისთვის ამ ფორმით უნდა მიეწოდებინათ“, – განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.