ბევრი ვიმუშავე, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიეღო და გული მწყდება, – ასე ეხმაურება საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებას, რომლის თანახმადაც „საქართველო კანდიდატი ქვეყნის არანაირ მოლოდინს არ ამართლებს“.
„თუ თქვენ ქვეყანა ხართ, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანება სურს და კაია კალასისგან ასეთ წინადადებას მიიღებთ, რომელსაც გერმანიაც ეთანხმება, მაშინ თქვენ პრობლემა გაქვთ. ბევრი ვიმუშავე, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიეღო და გული მწყდება“, – წერს ელჩი X-ზე.
ცნობისთვის, გუშინ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი თბილისში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
„დღეს, თბილისში მშვიდობიანი მომიტინგეების, ჟურნალისტების და პოლიტიკოსების სასტიკი დარბევა მიუღებელია. საქართველო კანდიდატი ქვეყნის არანაირ მოლოდინს არ ამართლებს. ევროკავშირი ქართველი ხალხის გვერდით დგას მათ ბრძოლაში თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის”, – დაწერა კაია კალასმა.