პესკოვი: რუსული მხარე პუტინისა და ტრამპის ალასკაში შეხვედრის შემდეგ რაიმე დოკუმენტის, ან შეთანხმების ხელმოწერას არ გეგმავს

4
spot_img

რუსული მხარე ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის ალასკაში შეხვედრის შემდეგ რაიმე დოკუმენტის, ან შეთანხმების ხელმოწერას არ გეგმავს. ამის შესახებ კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ შეხვედრაზე განიხილება „უკრაინული კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებული საკითხები“.

„პრეზიდენტი პუტინი და პრეზიდენტი ტრამპი აპირებენ საუბარს, ისინი მზად არიან სასაუბროდ და განიხილავენ ყველაზე რთულ საკითხებს“, – თქვა მან.

ამავდროულად, პესკოვმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე დოკუმენტების ხელმოწერა არ არის მოსალოდნელი, თუმცა პუტინი პრესკონფერენციაზე განცხადებებს გააკეთებს.

„არაფერია მოსალოდნელი. არაფერი მომზადებულა და ნაკლებად სავარაუდოა, რომ რაიმე დოკუმენტი იქნება. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება, პუტინი გამოკვეთს იმ შეთანხმებებსა და ურთიერთგაგებებს, რომელთა მიღწევაც შესაძლებელია“, – აღნიშნა მან. 

მან ასევე განაცხადა, რომ უკრაინაში ომი „რთული და მრავალმხრივი სუბსტანციაა“ და რომ „სავარაუდოდ, ევროპელებისგან ადეკვატურ პასუხს ვერ მიიღებენ“.

ასევე, კითხვაზე, გაითვალისწინებენ თუ არა შეხვედრის დროს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის პოზიციას, პესკოვმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე დისკუსია რუსეთის ფედერაციასა და შეერთებულ შტატებს შორის მიმდინარეობს და უკრაინულ მხარესთან განხილვა „შემდგომ ეტაპებს ეხება“.