პატიმრებს ვერ ვშველით, მოშიმშილეები სიკვდილის პირას არიან – კარდინალური ცვლილებების დროა, რაც ყველამ ერთად უნდა მოვიფიქროთ-ნიკა გვარამია

4
spot_img

ყველას მუშაობით, განსაკუთრებით კი სახალხო პროტესტით, მნიშვნელოვანი შედეგები დაიდო, მაგრამ განვითარების აღმავალი ხაზი აღარ შეინიშნება, ყველაფერი კარგად არაა და ეს მეტი მოქმედებისკენ უნდა გვიბიძგებდეს, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, კარდინალური ცვლილებების დროა.

„ჩემთვის რამდენიმე რამეა ცხადი: რაც კეთდება, გინდა აქტივისტების, გინდა პოლიტიკოსების, გინდა „ენჯეოების“, გინდა მედიების მიერაც კი, საკმარისი არაა – რეჟიმი აგონიაში არაა. იგი დასუსტებულია, იზოლაციაშია, მაგრამ ადაპტირებულია პროტესტსაც და იზოლაციასაც; დაჭერები მუშაობს. თუ ღიას არა, შინაგან ცენზურას მაინც იწვევს და სიფრთხილეს, რომელიც დაჭერების ინტენსივობის მატების კვალდაკვალ, ტრანსფორმირდება შიშში (რაც ძალიან ბუნებრივი და ადამიანურია); პატიმრებს ვერ ვშველით, მოშიმშილეები სიკვდილის პირას არიან; ყველას მუშაობით, განსაკუთრებით კი სახალხო პროტესტით, მნიშვნელოვანი შედეგები დაიდო, მაგრამ განვითარების აღმავალი ხაზი აღარ შეინიშნება მინიმუმ ერთი თვეა; პოლიტიკოსებმა ყველაფერი არ იციან და ყველაფერი არ შეუძლიათ. არაა სწორი მათგან შეუძლებლის მოთხოვნა და, განსაკუთრებით, განტევების ვაცის ძერწვა. არც ახალი პარტიაა პანაცეა და არც არსებული პარტიების სრული შერწყმა; კრიტიკა, ვისიც და რისიც არ უნდა იყოს, მტრობა არაა და მისი აუტანლობა და პრაქტიკულად აკრძალვა, მხოლოდ საკუთარ და საკუთარი ბაბლის ფსიქოლოგიურ კომფორტს ემსახურება, აფუჭებს საქმეს და გვაშორებს მიზანს; ყველაფერი კარგად არაა, ყველაფერი რთულადაა და ეს კიდევ უფრო მეტი მოქმედებისკენ უნდა გვიბიძგებდეს და არა ხელების ჩამოყრისკენ ან კომფორტზონის ძებნისკენ, რაც თავის მოტყუებას გულისხმობს, რომ ყველაფერი გადასარევად მიდის; გრძელი ნახევრად ლიტერატურული ტექსტებით, გულისამაჩუყებელი ისტორიებით და დითირამბებით დიქტატურა არსად და არასდროს არ დამარცხებულა. არსად და არასდროს; კარდინალური ცვლილებების დროა, რაც ყველამ ერთად უნდა მოვიფიქროთ“, – წერს გვარამია.