პასუხს აგებთ, არა მხოლოდ რეჟიმის ლიდერები, არამედ ისინი, ვინც ნიღბების უკან იმალებით -გიორგი ვაშაძე

9
spot_img

რომელიმე იმ პოლიციელს გგონიათ, რომ რამე დაგიცავთ? ყველანი პასუხის აგებთ, არა მხოლოდ რეჟიმის ლიდერები, არამედ ისინი, ვინც ნიღბების უკან იმალებით, ყველანი პასუხს აგებთ ამ სისასტიკეზე. არცერთი ადამიანი დაუსჯელი არ დარჩება – რაც არ უნდა იკრიჭოს კობახიძემ ხალხი არ გაჩერდება,- ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ, ოპოზიციური პარტიების ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

გიორგი ვაშაძე ასევე საერთაშორისო საზოგადოებასაც მიმართავს და მათ კონკრეტული ქმედებების გადადგმისკენაც მოუწოდებს.

მისი თქმით, პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის საფრანგეთში ვიზიტი სანქციების პროცესს კიდევ უფრო დააჩქარებს.

„ტერორის ღამე, რომელიც ბიძინა ივანიშვილის რეჟიმმა მოაწყო, მშვიდობიან მომიტინგეებს უპრეცედენტო ძალა დაუპირისპირეს. სახალხო დამცველიც კი, რომელიც მათ ყველა ქმედებაზე თვალს ხუჭავდა, მანაც ვერსად დამალა, უკვე იმდენად ცალსახა იყო ტერორი.

ახალგაზრდები ალყაში მოაქციეს, მათ გასასვლელი არ მისცეს, ვინც ცდილობდა რუსთაველის მეტროსკენ გასვლას, ე.წ. დამჭერები დასდევდნენ და სწორედ იქ ხდებოდა მომიტინგეების დაკავებები, როცა მშობლებს შვილები გასტაცეს.

ადამიანებს აკავებდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოს დროშა ჰქონდათ, ან საქართველოს ჰიმნს მღეროდნენ. წარმოუდგენელი რეალობაა, რაშიც ახლა ვართ. როდის ყოფილა საქართველოში, რომ მსახიობები დაეკავებინოთ, როდის იყო, რომ პროფესორ მასწავლებლები დაეჭირათ, როდის იყო ახალგაზრდების ასე მასიური დაჭერა, რომლებსაც სცემდნენ და მათზე ძალადობდნენ?

მინდა ერთი პოსტი წაგიკითხოთ -„ დააგდეს და ურტყეს, ცემის კორიდორში გაატარეს, არ ეყოთ და სათითაოდ პირში აფურთხეს“ – გესმით ხალხნო?

ნიღბების უკან მყოფ ადამიანებს ვეუბნები – თქვენ ვინმეს გგონიათ, რომ ეგ ნიღაბი დაგიცავთ? რომელიმე იმ პოლიციელს გგონიათ, რომ რამე დაგიცავთ? ყველანი პასუხის აგებთ, არა მხოლოდ რეჟიმის ლიდერები, არამედ ისინი, ვინც ნიღბების უკან იმალებით, ყველანი პასუხს აგებთ ამ სისასტიკეზე. არცერთი ადამიანი დაუსჯელი არ დარჩება.

არის შიდა და საერთაშორისო მექანიზმები, ყველას აუცილებლად გამოვავლენთ. კიდევ ერთხელ მივმართავ შსს-ს თანამშრომლებს, განსაკუთრებით მაღალი თანამდებობის პირებს, გაემიჯნეთ ამ ძალადობას, ეს რეჟიმი მხოლოდ და მხოლოდ იმაზე დგას, რომ თქვენ უსიტყვოდ ასრულებთ მათ მითითებებს, პროტესტი არ ჩერდება, ხალხი რუსთაველზე მოდის, რაც არ უნდა იკრიჭოს კობახიძემ ხალხი არ გაჩერდება.

კობახიძეს მივმართავ, რომ იკრიჭები, შენი შვილი რომ იყოს ასეთ მდგომარეობაში, ან ოჯახის წევრები რას იზამდი?!

მინდა, ამ სპეცრაზმელების მშობლებს, მეუღლეებსა და შვილებს მივმართო, ხალხნო ცოტა გამოაფხიზლეთ ეს ხალხი. გუშინ ვიდეო ვნახეთ, თუ როგორი იღებს კონკრეტული სპეცრაზმელი ნარკოტიკულ ნივთიერებას, გამოფხიზლდით, ამ ქვეყანაში თქვენც ხომ ცხოვრობთ, გარეთ ხომ უნდა გამოგესვლებოდეთ?

დღეს, 5 საათზე ღირსების თაობის მხარდასაჭერად, ამ ახალგაზრდებს ღირსების თაობას ვეძახი, ყველანი თსუ-თან უნდა შევიკრიბოთ და მსვლელობით წამოვიდეთ რუსთაველისკენ, უნდა ვიყოთ ძალიან ბევრნი. „ქართული ოცნების“ რეჟიმის დამარცხების გზა, საყოველთაო ერთიანობა, ერთსულოვნება და დიდი საყოველთაო დაუმორჩილებლობის ნიშნულამდე მისვლაა.

საერთაშორისო საზოგადოებას მივმართავ, გვიანდება სანქციები და გთხოვთ კონკრეტულ ქმედებებზე გადახვიდეთ! მივესალმები საფრანგეთში პრეზიდენტის ვიზიტს და დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო დაჩქარდება ეს პროცესები“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.