პარტიების დანიშნულ ადამიანებსაც არ ვენდობოდი, ვხედავ, სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის კომისიის წევრებმა რა აკეთეს, არჩევნები უნდა ჩაატარონ საერთაშორისო ორგანიზაციებმა – ნიკა გვარამია

1
spot_img

საერთაშორისო ორგანიზაციებმა უნდა ჩაატარონ არჩევნები, რა ფორმით მოხდება ეს, მეორე საკითხია, მაგრამ სასარგებლო იდიოტებს ვინც გვეძახის ჩვენ, ის თავად არის უსარგებლო იდიოტი, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.

ამასთან, როგორც გვარამიამ აღნიშნა, პოლიტიკური პარტიების მიერ უბნებზე დანიშნული ადამიანების მიმართაც არ ჰქონდა ნდობა.

„ჯერ ერთი, ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი ხან სასარგებლო იდიოტს გვეძახის, ხან ა.შ. და ვისმენთ რაღაც ტრუიზმებს, სენტენციებს, როგორც გეგმებს. საერთაშორისო ადმინისტრაციის მიერ ჩატარებული არჩევნები მე კი არ მოვიგონე, ან გუშინ კი არ მოიგონეს, ძალიან ბევრი ამგვარი შემთხვევა არსებობს. საერთაშორისო ადმინისტრაციის მიერ არჩევნების ჩატარება მარტო იმას კიარ ნიშნავს, რომ მთელი ევროკავშირი ჩამოვიდეს და თვითონ დასხდნენ კომისიებში, მთავარი, რაც შეკითხვებს იწვევს, იქ უნდა ისხდნენ მიუკერძოებელი ადამიანები და ისინი უნდა იღებდნენ გადაწყვეტილებას, ასევე, მათ მიერ შერჩეული პირები. მართალი გითხრათ, მე პოლიტიკური პარტიების მიერ უბნებზე დანიშნულ ადამიანებსაც არ ვენდობოდი. მე ვხედავ, სხვადასხვა ოპოზიცური პარტიის საუბნო კომისიის წევრებმა რეები აკეთეს ბოლო წლების არჩევნებში, გამწვანებულ გადახაზული უბნები არ გაგიგიათ? პარტიულ პარიტეტზე ვინც დაიწყებს ლაპარაკს, ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ეს არის „ოცნების“ საქმის კეთება. არავითარი პარტიული პარიტეტები არ არსებობს, როცა ქვეყანაში გყავს მილიარდელი, რომელიც ყიდულობს ყველაფერს, საუბნო კომისიის წევრებს კიარა მარტო პარტიაში, მთელ პარტიებს. საერთაშორისო დამკვირვებლები კი არა, საერთაშორისო ორგანიზაციებმა უნდა ჩაატარონ არჩევნები. რა ფორმით მოხდება ეს, ჩამოვლენ და საუბნო კომისიაში თითო ადამიანი დაჯდება, ოლქში თითო და ცესკო მთლიანად იქნებიან თვითონ, თუ ჩამოვლენ და ჩაატარებენ რაღაც პროცედურას, რომელშიც არასამთავრობო ორგანიზაციებს – ხომ არსებობს ხალხი, ვისაც ყველანი ვენდობით ხომ ამ ქვეყანაში – იმათ მისცემენ შესაძლებლობას, რომ ძირითადი გამწევი ძალა იყვნენ, თუ პარტიული მონაწილეობაც იქნება და ა.შ. ეს მეორე საკითხია. მაგრამ სასარგებლო იდიოტებს ვინც გვეძახის ჩვენ, ის თავად არის უსარგებლო იდიოტი, გადაეცით ჩემგან“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად.