
პოლიტიკურ პარტიას ლეგიტიმაციას საარჩევნო ნომერი არ აძლევს, პარტიას ლეგიტიმაციას აძლევს ხალხი და ის სამართლიანი არჩევნები, რომლებიც ქვეყანაში აუცილებლად ჩატარდება, – ამის შესახებ პარტია „ახლის“ წევრმა, „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენელმა, თენგო თევზაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მთავარია „ქართული ოცნების“ და იმ კრიმინალური ბანდის დამარცხება, რომელიც საქართველოს საუკუნოვან ისტორიულ ფუნქციას აკარგვინებს.
„იმ ვითარებაში, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების და, პირადად, პრეზიდენტ ტრამპის ინიციატივით სამხრეთ კავკასიაში საუკუნოვანი მშვიდობა ისადგურებს, როდესაც საქართველოში პოლიტპატიმრებს უსჯიან ერთიმეორეს მიყოლებით სასჯელს, „ქართულმა ოცნებამ“, რუსულმა რეჟიმმა და მისმა ბანდამ, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია ჰქვია, გადაწყვიტა კვალიფიციურ პოლიტიკურ პარტიებს წაართვას საარჩევნო ნომერი. ნომერი არ აძლევს პოლიტიკურ პარტიას ლეგიტიმაციას, ლეგიტიმაციას აძლევს ხალხი და ის სამართლიანი არჩევნები, რომლებიც აუცილებლად ჩატარდება ამ ქვეყანაში. დღეს ე.წ. არჩევნებში ვხედავთ „ქართულ ოცნებას“ და 16 სისტემური ოპოზიციის ნაწილს, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ ბიულეტენში შეიტანონ ნომერი 4 და, რომელიღაც ოპოზიციურად წოდებულ პარტიას მიაღებინონ ამ ნომრით არჩევნებში მონაწილეობა“, – განაცხადა თენგო თევზაძემ.
მისი თქმით, შემდეგი არჩევნები აუცილებლად იქნება სამართლიანი, ხოლო ის პარტიები, რომლებიც ამ არჩევნებში მონაწილეობენ, აღიარებული იქნებიან როგორც ბიძინა ივანიშვილთან სისტემურად მოთანამშრომლე პარტიები.
„ჩვენთვის ნომერი არ არის მთავარი. ჩვენთვის მთავარია „ქართული ოცნების“ და იმ კრიმინალური ბანდის დამარცხება, რომელიც საქართველოს და ჩვენს სახელმწიფოს საუკუნოვან ისტორიულ ფუნქციას აკარგვინებს. შემდეგი არჩევნები აუცილებლად იქნება სამართლიანი, აუცილებლად გაუქმდება ამ ე.წ. არჩევნების შედეგები, რომელსაც „ქართული ოცნება“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებად გვასაღებს, ხოლო ის პარტიები, რომლებიც ამ არჩევნებში მონაწილეობენ, საზოგადოების მხრიდან აღიარებული იქნებიან, როგორც ბიძინა ივანიშვილთან სისტემურად მოთანამშრომლე პარტიები“, – განაცხადა თენგო თევზაძემ.
ცნობისთვის, ცესკო-ში განაცხადეს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „კოალიციამ ცვლილებებისთვის“ არჩევნებში მონაწილეობაზე განაცხადი არ გააკეთეს, რის გამოც საარჩევნო ნომრები არ შეუნარჩუნდათ.