პარტიამ “გახარია საქართველოსთვის” და “ლელო-ძლიერმა საქართველომ” 4 ოქტომბრის არჩევნებზე თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს

2
spot_img

პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ და კოალიციამ „ლელო – ძლიერმა საქართველომ“ 2025 წლის 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს.

მემორანდუმს ხელი „გახარია საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივანმა ბერდია სიჭინავამ და „ლელო – ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ მოაწერეს.

ბერდია სიჭინავას თქმით, პარტიები თვითმმართველობის არჩევნებში საერთო ბრძოლაზე შეთანხმდნენ.

„ჩვენი პოლიტიკური გაერთიანება და კოალიცია „ძლიერი საქართველო“ აცხადებს შეთანხმების, მემორანდუმის, თანამშრომლობის საწყის პრინციპებს, რაც გულისხმობს საერთო ბრძოლას, კოორდინაციას ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე. ეს არ არის სტანდარტული არჩევნები. შესაბამისად, ჩვენ უნდა გამოვრიცხოთ ურთიერთკონკურენცია. ამიტომ მერობის არაპარტიულ, ნეიტრალურ კანდიდატებზე ვეცდებით შეთანხმებას, ასევე მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატებზე და საერთო პარტიულ კანდიდატებზე, რაც, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ რაიმე ფორმით ჩვენ ნორმალიზებას ვახდენთ რაიმე პროცესის. ეს პირიქით, პროტესტის მასშტაბური გაშლის, გაფართოების, ახალი მუხტის მიცემის კიდევ ერთი ხაზია“, – აღნიშნა ბერდია სიჭინავამ.

კუპრაძის განცხადებით, პარტია „გახარია საქართველოსთან“ თანამშრომლობის საწყის პრინციპებზე შეთანხმდნენ.

„ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენი კოლეგების განსხვავებულ პოზიციებს სხვადასხვა სტრატეგიასთან დაკავშირებით. ჩვენ არ ვპასუხობთ არანაირ ბრალდებას და არ შევდივართ კინკლაობაში, რადგან 4 ოქტომბრის შემდეგაც ჩვენ უნდა ვისაუბროთ ერთობაზე. დღეს ჩვენ შევთანხმდით თანამშრომლობის საწყის პრინციპებზე. ეს თანამშრომლობა არის ის მნიშვნელოვანი მოთხოვნა, რაც ჩვენს მოქალაქეებს გააჩნიათ. ეს მემორანდუმი, რომელსაც დღეს ოფიციალურად საქართველოს მოქალაქეების წინაშე ხელი მოვაწერეთ, ასახავს სწორედ თქვენს დაკვეთას, რომ კოორდინირებულად, ყოველგვარი კონკურენციის გარეშე ჩვენ ვაპირებთ ბრძოლას ყველა ველზე. ვაცხადებთ უკომპრომისო ბრძოლას რუსული რეჟიმის წინააღმდეგ და გვაქვს საქართველოს მოქალაქეების იმედი“, – განაცხადა კუპრაძემ.