,,პარტია „ლელომ“ გადაიხადა ჯარიმა, შესაბამისად, დასრულდა საქმისწარმოება და ანგარიშებზე შეზღუდვები გაუქმდა”- აღსრულების ეროვნული ბიურო

10
spot_img

,,ლელო საქართველოს” მიერ განხორციელდა სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდა. შესაბამისად, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ დაასრულა საქმისწარმოება, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც აღსრულების ეროვნული ბიურო ავრცელებს.

„გვსურს, ვაცნობოთ საზოგადოებას, რომ ,,ლელო საქართველოს” მიერ განხორციელდა სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდა. შესაბამისად, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ დაასრულა საქმისწარმოება და ,,ლელო საქართველოს” ანგარიშებზე შეზღუდვები გაუქმდა.

კიდევ ერთხელ გვსურს განვაცხადოთ, რომ აღსრულების ეროვნული ბიურო მოქმედებს ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად და აღმასრულებლების ყველა მოქმედება განპირობებულია სამართლიანობის პრინციპის დაცვისა და ეფექტიანი აღსრულების წარმოების მიზნით.

სააღსრულებო საქმისწარმოება, სასამართლო ან/და უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოების მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, თანაბარი კანონზომიერებით მიმდინარეობს ფიზიკური თუ იურიდიული პირების მიმართ, ასევე იმ საქმეებში, სადაც მოვალე მხარეს წარმოადგენს სახელმწიფო უწყებები“, – აღნიშნულია განცხადებაში.

დღეს „ლელო – ძლიერ საქართველოში“ განაცხადეს, რომ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ პარტიის ანგარიშები დააყადაღა. მოგვიანებით აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გაავრცელა განცხადება და განმარტა, რომ ყადაღა გავრცელდა „ლელოს“ ანგარიშებზე არსებულ არა მთლიან თანხებზე, არამედ მხოლოდ სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრულ თანხაზე, რაც 1500 ლარს არ აღემატებოდა. განცხადებაში ასევე აღნიშნული იყო, რომ აღსასრულებელ ვალდებულებას წარმოადგენს სახელმწიფო ბაჟი და ადმინისტრაციული ჯარიმა.