პარტია „ანა დოლიძე – ხალხისთვის“ 4 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს.
შესაბამისი განცხადება პარტიის ლიდერმა, ანა დოლიძემ ბრიფინგზე გააკეთა.
ანა დოლიძემ თვითმმართველობის არჩევნებს მსხვერპლშეწირვა უწოდა და განაცხადა, რომ მასში მონაწილეობა გაუმართლებელია.
„არ მივცემთ საშუალებას “ქართულ ოცნებას”, რომ საერთაშორისო ასპარეზზე სასაუბრო შეიქმნას, რომ არჩევნები ნორმალურად ჩაატარა”,- განაცხადა დოლიძემ.
ამასთან, მისივე თქმით, პარტია არჩევნების ბოიკოტსაც არ უერთდება და აღნიშნა, რომ რესურსების დახარჯვა, რომ „სოფელ-სოფელ იარო და ადამიანებს მოუწოდო, რაღაც არ გააკეთონ, არასწორია”.
„ჩვენს ძალებს მოვახმართ იმას, რომ შენარჩუნდეს უვიზო მიმოსვლა და სანქციები იყოს გამოყენებული კორუმპირებული და ძალაუფლებით თრობაში შესული ადამიანის მიმართ”,- განაცხადა დოლიძემ.
ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ოპოზიციური პარტიებიდან „ლელო – ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ აპირებენ. მათ არჩევნებთან დაკავშირებით ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს ხელი 14 ივლისს მოაწერეს. რაც შეეხება სხვა ოპოზიციურ პარტიებს, 8 მათგანს ოფიციალურად გაცხადებული აქვს, რომ ადგილობრივ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებენ და მასში მონაწილეობას არ აპირებენ.