პაროდიაა ის, რაც ხვალ პარლამენტში მოხდება – ეს იქნება ღონისძიება, რომელიც მთლიანად მოკლებულია ლეგიტიმაციას, არის არაკონსტიტუციური და არალეგიტიმური! – ასე ეხმაურება სალომე ზურაბიშვილი 14 დეკემბერს, პარლამენტის სასახლეში დაგეგმილ პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევნებს.
ზურაბიშვილის შეფასებით, “ქართულმა ოცნებამ“ სახელმწიფო პაროდიად აქცია.
“ყველაფერი პაროდიაა, თუნდაც ის, რაც დღეს ხდება, რომ “ოცნებიდან“ გადის “ხალხის ძალა“, მერე დაბრუნდება, იქედან ნიშნავენ პრეზიდენტს. ამ ყველაფერს პოლიტიკურ პროცესთან კავშირი არა აქვს. ეს არის ყველაზე სამწუხარო, რადგან სახელმწიფო პაროდიად გახადეს. ეს ყველასთვის ძალიან შეურაცხმყოფელია.
ეს არის ერთგვარი პროვოცირება ხალხის რეაქციების, რადგან ეს არის ყველაფრის შეურაცხყოფა – ჩვენი წარსულის, ტრადიციების, კულტურის, რომ დამოუკიდებელი ქვეყნის ინსტიტუტებს ასე მოეპყრო. ეს არის მიუღებელი!
მაგრამ ამ ყველაფერს მნიშვნელობა არა აქვს – პაროდია მათ დარჩებათ. მთავარი ხდება სხვაგან – ჩვენს ქუჩებსა და ქალაქებში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
14 დეკემბერს საარჩევნო კოლეგია საქართველოს პრეზიდენტს აირჩევს. პრეზიდენტის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილია მხოლოდ ერთი – მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურა.