პარლამენტთან აქციაზე დაკავებული ორივე პირი, საბა მეფარიშვილი და ომარ ოკრიბელაშვილი, რომელთაც პარლამენტის შესასვლელთან რკინის დამცავი ჯებირის დაზიანებას ედავებიან, სასამართლომ კვლავ პატიმრობაში პატიმრობაში დატოვა.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნათია გუდაძემ მას შემდეგ მიიღო, რაც დაკავებულებისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯა და ძალაში დარჩა.
დაცვის მხარე დაკავებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას, სახელმწიფო ბრალდება კი მათ მიმართ კვლავ პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა.
ცნობისთვის, 19 და 23 წლის ახალგაზრდები სამართალდამცავებმა 14 მაისს დააკავეს. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი, რაც ნივთის ჯგუფურად დაზიანებას გულისხმობს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა სხვა პირებთან ერთად, როგორც ფიზიკური ძალის, ასევე, რკინის ნივთის გამოყენებით პარლამენტის შესასვლელთან განთავსებული რკინის დამცავი ჯებირი მიზანმიმართულად დააზიანეს.
ორივე დაკავებულს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.