პარლამენტმა „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“, FARA-ს კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა

30
spot_img

პარლამენტმა „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“, FARA-ს კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა. დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ცვლილებებს მხარი 86-მა დეპუტატმა დაუჭირა.

კენჭისყრისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ მიღებულია ამერიკული სტანდარტისა და კანონის ზუსტი ასლი.

FARA-სთან ერთად, მიღებულია „სისხლის სამართლის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები.

მიღებული კანონპროექტის მიხედვით, მოწესრიგდება უცხოური პრინციპალის აგენტად რეგისტრაციის საკითხები,  კერძოდ  – უცხოური პრინციპალის აგენტად რეგისტრაციის განაცხადი, სხვა სათანადო დოკუმენტების საჯაროობის უზრუნველყოფა; უცხოური პრინციპალის აგენტად რეგისტრირებული სუბიექტის მიერ ყოველწლიური საფინანსო დეკლარაციის წარდგენა; უცხოური პრინციპალის აგენტად რეგისტრირებული სუბიექტის რეგისტრაციის გაუქმება; უცხოური პრინციპალის აგენტის გამოსავლენად ან კანონპროექტით განსაზღვრულ მოთხოვნათა შესრულების შესამოწმებლად მონიტორინგის განხორციელება.

უცხოური პრინციპალის აგენტად რეგისტრაციისთვის თავის არიდება და კანონით განსაზღვრულ მოთხოვნათა შეუსრულებლობა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობას გამოიწვევს. კანონის აღსრულება ანტიკორუფციულ ბიუროს დაევალება.