პარლამენტმა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების ანაზღაურების წესთან დაკავშირებული ცვლილება პირველი მოსმენით მიიღო

75
spot_img

პარლამენტმა „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებას პირველი მოსმენით, 79 ხმით მხარი დაუჭირა.

ცვლილებით თანახმად, კანონპროექტით განსაზღვრული სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის კონკრეტული თანამდებობრივი სარგოს კანონით განსაზღვრულ კოეფიციენტებთან შესაბამისობაში მოყვანა ხდება. შესაბამისად, აღნიშნული თანამდებობის პირების ანაზღაურება განისაზღვრება იმ კოეფიციენტების საბაზო თანამდებობრივ სარგოზე ნამრავლით, რომელიც კანონით არის განსაზღვრული. ამასთანავე, არ ხდება ზედა ზღვრის კოეფიციენტების ცვლილება.

საკანონმდებლო ცვლილებით წესრიგდება შემდეგი პოლიტიკური თანამდებობის პირების ანაზღაურების წესი: საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, მინისტრის/სახელმწიფო მინისტრის, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის და მთავრობის თავმჯდომარის, მინისტრის/სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის, მინისტრის/სახელმწიფო მინისტრის მოადგილის, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის და უმაღლესი საბჭოს კომიტეტის/ფრაქციის თავმჯდომარის, ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის და მინისტრის პირველი მოადგილის, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს კომიტეტის/ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის, ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის მოადგილის და ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის.

კანონპროექტით, ცვლილებები ძალაში შევა 2025 წლის 1 იანვრიდან.

ცვლილებები შედის, ასევე, „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ და „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ კანონებში, რომელიც შეეხება სახალხო დამცველისა და გენერალური აუდიტორის სახელფასო ანაზღაურებას.

მომხსენებლის, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის რატი იონათამიშვილის განცხადებით, 2017 წელს საქართველოს ხელისუფლებამ საჯარო სამსახურის ფუნდამენტური რეფორმა ჩაატარა, რომელმაც, ერთი მხრივ, მნიშვნელოვანი გარანტიები შექმნა საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანებისთვის, მათი უფლებების განმტკიცებისთვის და მეორე მხრივ, ეს იყო პროცესი, რომელიც თან ახლდა ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს.

მისივე თქმით, გასულ წელს, ამ კოეფიციენტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, პარლამენტმა მხარი დაუჭირა ინიციატივას, რაც აღნიშნულ კოეფიციენტებთან საპარლამენტო თანამდებობის პირების სახელფასო სარგოების შესაბამისობაში მოყვანას ისახავდა მიზნად. ახლა მნიშვნელოვანია, რომ იგივე სტანდარტი გავრცელდეს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მიმართ, მათ შორის, აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ასევე სახალხო დამცველისა და გენერალური აუდიტორის მიმართ.