![aaa](https://geotimes.ge/wp-content/uploads/2025/02/aaa.png)
პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილების თაობაზე კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო. ცვლილების თანახმად, ზუსტდება საჯარო დაწესებულებაში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთან, საჯარო დაწესებულებაში საქართველოს სახელმწიფო ენის ცოდნასთან და 18 წლის ასაკის ქონის მოთხოვნებთან დაკავშირებული ცალკეული საკითხები, – ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
„საკითხი პლენარულ სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ წარადგინა.
მისი განმარტებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მოქმედი ნორმების თანახმად, საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელსა და მის მოადგილესთან დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულებები წყდება შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის უფლებამოსილების შეწყვეტისას. წარმოდგენილი კანონპროექტით კი ზუსტდება, რომ აღნიშნული ადმინისტრაციული ხელშეკრულებები შეწყდება შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ ამ დაწესებულების ხელმძღვანელის თანამდებობაზე განწესებული პირის უფლებამოსილების დაწყებისთანავე.
წარმოდგენილი ცვლილებებით, კანონში პირდაპირ მიეთითება, რომ ერთადერთი თანამდებობა, რომელზეც ქართული ენის ცოდნის მოთხოვნა პირდაპირ არ გავრცელდება, არიან მრჩევლები, გამომდინარე იქიდან, რომ უნდა არსებობდეს შესაძლებლობა სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირს ჰყავდეს უცხოენოვანი მრჩეველი.
გარდა ამისა, კანონპროექტი შეიცავს გარდამავალ დებულებას, რომლითაც წესრიგდება გარდამავალ პერიოდში არსებული რიგი სამართლებრივი ურთიერთობები“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.