“პარლამენტმა არ უნდა მიიღოს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უკიდურესად შემზღუდავი კანონპროექტი”

368
spot_img

არასამთავრობო ორგანიზაციები „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED) „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში“ ინიცირებულ ცვლილებებს ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ „პარლამენტმა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უკიდურესად შემზღუდავი კანონპროექტი არ უნდა მიიღოს“.

მესამე სექტორის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ მსგავსი სახის საკანონმდებლო ცვლილებები ადამიანის უფლებრივი მდგომარეობის მხრივ უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება და საქართველოს პარლამენტს მოუწოდებენ, აღნიშნული ინიციატივის მხარდაჭერაზე უარი თქვას.

„საქართველოს პარლამენტში 2 ოქტომბერს უმრავლესობის დეპუტატებმა კანონპროექტი წარადგინეს, რომელიც დაჩქარებული წესით განიხილება. ინიციირებული ცვლილებები უკიდურესად შეზღუდავს საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო სტანდარტებით გარანტირებულ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას. მიგვაჩნია, რომ მსგავსი სახის საკანონმდებლო ცვლილებები ადამიანის უფლებრივი მდგომარეობის მხრივ უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება.

რა იცვლება: მკაცრდება შეკრებისა და მანიფესტაციის დროს დროებითი კონსტრუქციების მოწყობის წესი; შეკრების მონაწილეებისათვის, ფაქტობრივად, წინასწარ იკრძალება დროებითი კონსტრუქციის მოწყობა, კერძოდ, კონსტრუქციის მოწყობა აკრძალულია, თუ: საფრთხე ექმნება აქციის მონაწილეებს ან სხვა პირებს; ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას ან შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება;

ბუნდოვანია საპოლიციო ძალებისათვის მოწყობილი კონსტრუქციის დემონტაჟის უფლების მინიჭების საკითხი, კერძოდ, დროებითი კონსტრუქციის დემონტაჟის განსახორციელებლად სამართალდამცველი ორგანოები დარღვევის აღმოსაფხვრელად, ტრანსპორტის სავალი ნაწილის გასახსნელად, ტრანსპორტის მოძრაობის აღსადგენად ან/და დროებითი კონსტრუქციის დემონტაჟის განსახორციელებლად გამოიყენებენ საერთაშორისო სამართლითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს;

წესდება სანქციები, კერძოდ დარღვევა იწვევს საგნის კონფისკაციას და დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით; ხოლო თუ დამრღვევი ორგანიზატორია – სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით ან სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

ინიციატორები წესების გამკაცრების მიზეზად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 18 სექტემბრის განცხადებას ასახელებენ. განმარტებითი ბარათის თანახმად, „წარმოდგენილი კანონპროექტის მიზანია ისეთი საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნა, რომელიც შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს მისცემს უკეთეს შესაძლებლობას, უზრუნველყონ შეკრების უსაფრთხოდ ჩატარება და გამოხატვის თავისუფლების უფრო ეფექტიანი რეალიზაცია.“

შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური და კონვენციური უფლებაა, რომელიც ჩვენი კანონმდებლობით ფართოდ არის დაცული. ამ უფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ მაშინ, თუ ეს აუცილებელია დემოკრატიული საზოგადოებისათვის. წარმოდგენილი პროექტით გათვალისწინებული ბუნდოვანი ჩანაწერები კი, ფაქტობრივად აწესებს იმდაგვარ შეზღუდვებსა და აკრძალვებს, რომელიც შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების რეალიზაციას უშლის ხელს და მკვეთრად აუარესებს ქვეყანაში შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვის სტანდარტს.

დაინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები ადმინისტრაციული დაკავებების იმ მანკიერი პრაქტიკის გაგრძელებაა, რომლის შესახებაც სამოქალაქო სექტორი წლებია საუბრობს. აღნიშნული კი მიუთითებს ხელისუფლების სურვილზე შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება და თავიდან აირიდოს საზოგადოებრივი პროტესტი მის მიერ განხორციელებულ პოლიტიკასთან დაკავშირებით.

მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, უარი თქვას აღნიშნული ინიციატივის მხარდაჭერაზე, არ გააუარესოს ქვეყანაში შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების საკანონმდებლო ჩარჩო და უზრუნველყოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობის შესაძლებლობა,“ – აღნიშნულია განცხადებაში.