პარლამენტმა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებების პაკეტი მესამე მოსმენით მიიღო

4
spot_img

პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და მიიღო „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონპროექტი, თანმდევ კანონპროექტებთან ერთად. ინფორმაციას ამის შესახებ პარლამენტი ავრცელებს.

როგორც უწყება წერს, ცვლილებების თანახმად, იზრდება ადმინისტრაციული პატიმრობის ვადები.

„ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებებს ემატება ახალი გარემოებები; ზუსტდება ვადა, რომლის გასვლის შემდეგ პირი ითვლება ადმინისტრაციულ სახდელდაუდებლად; „ზუსტდება წვრილმანი ხულიგნობის ქმედების შემადგენლობა და სახდელთა ზომები; იცვლება ვანდალიზმთან დაკავშირებული სახდელთა ზომები; ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად განისაზღვრება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის, პოლიტიკური თანამდებობის პირის, სახელმწიფო მოსამსახურის, სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებული პირის ან/და საჯარო მოსამსახურის სიტყვიერი შეურაცხყოფა ან/და სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით; ზუსტდება შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევისათვის ქმედების შემადგენლობები და იცვლება მათთვის განსაზღვრული სახდელთა ზომები.

ამასთანავე: განისაზღვრება სპონტანური შეკრება/მანიფესტაციის ცნება; რეგულირდება დროებითი კონსტრუქციის დემონტაჟის საკითხები; იკრძალება შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება დახურულ სივრცეში/შენობაში, მესაკუთრის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე; იკრძალება შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებისას შენობების შესასვლელების, ავტომაგისტრალების, ხიდების, გვირაბების, ესტაკადების, მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრული სატრანსპორტო კვანძებისა და რკინიგზის ბლოკირება“, – ნათქვამია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.