საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთო-ს წარმომადგენელს, ტერეზა რიბეიროს წერილით მიმართავს.
„წავიკითხე თქვენი განცხადება სოციალურ ქსელ X-ში საქართველოს პარლამენტში რამდენიმე ჟურნალისტისთვის აკრედიტაციის დროებით შეჩერების შესახებ.
ამასთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ საქართველოს პარლამენტში 2023 წლის მარტიდან მოქმედებს მედიის აკრედიტაციის წესი (წესი თან ერთვის წერილს). იგი ეფუძნება ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და ევროპარლამენტის საუკეთესო პრაქტიკას. აღნიშნული წესი პარლამენტში ადგენს ეთიკური ჟურნალისტიკის სტანდარტებს. ერთი მხრივ, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მიერ მანამდე გაცემული ქაოტური ყოველდღიური ნებართვების ნაცვლად, წლიური სააკრედიტაციო ბარათების მქონე ჟურნალისტებს ახლა შესაძლებლობა აქვთ, პარლამენტის თანამშრომლების მსგავსად ნებისმიერ დროს შემოვიდნენ პარლამენტში, წინასწარი ნებართვის გარეშე (თუ შენობაში არ მოქმედებს უსაფრთხოების განსაკუთრებული რეჟიმი) და პარლამენტის ნებისმიერ კუთხეში ჩაწერონ ნებისმიერი პარლამენტის წევრი. თითოეულ ეროვნულ მედიას უფლება აქვს, ყოველდღიური საქმიანობისთვის პარლამენტში ჰყავდეს მედიის წარმომადგენლების ათი ჯგუფი (თითო ჯგუფში სამი ადამიანი).
მეორე მხრივ, როგორც მედიის აკრედიტაციის ნებისმიერ სხვა წესში, ჟურნალისტებმა პატივი უნდა სცენ გარკვეულ წესებს, რათა დეპუტატების, პარლამენტის თანამშრომლებისა და ვიზიტორებისთვის უზრუნველყოფილი იყოს კონსტრუქციული სამუშაო გარემო. კერძოდ, მედიის აკრედიტაციაზე განაცხადის შეტანისას, ჟურნალისტები თანხმდებიან, დაიცვან ეთიკური ჟურნალისტიკის სამი ძირითადი წესი: არ გადაიღონ დეპუტატისა და პარლამენტის თანამშრომლის სამუშაო ოთახი წინასწარი გაფრთხილებისა და ნებართვის გარეშე; არ გადაიღონ დოკუმენტები, ტელეფონებისა და სხვა ელექტრონული მოწყობილობების ეკრანები ნებართვის გარეშე; და შეწყვიტონ რესპონდენტებთან გასაუბრება, თუ ისინი უარს იტყვიან ინტერვიუს გაგრძელებაზე და შეწყვიტონ ადევნება (აღსანიშნავია, რომ სხვა პარლამენტებისგან განსხვავებით, ინტერვიუს დასაწყებად წინასწარი ნებართვა არ არის საჭირო, მაგრამ ის უნდა შეწყდეს, თუ რესპონდენტი უარს აცხადებს მის გაგრძელებაზე).
აკრედიტაციის წესის გარდა, პარლამენტი უზრუნველყოფს ყველა კომიტეტის, ბიუროსა და პლენარული სესიის ონლაინტრანსლირებას (საკუთარი ტელევიზიის, Youtube და სოციალური მედიის არხებით), რაც სულაც არ არის ფართოდ გავრცელებული პრაქტიკა ეუთო-სა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. გარდა ამისა, კარგად დამკვიდრებული პრაქტიკაა უმრავლესობისა და უმცირესობის წევრების ყოველდღიური შეხვედრები პრესასთან. მე ღია კითხვებისთვის კვირაში ერთი-ორჯერ, საშუალოდ 45 წუთის განმავლობაში ვხვდები ყველა ჟურნალისტს. ეუთო-ს/ევროკავშირის სხვა პარლამენტებში ძნელად თუ შევხვდებით პარლამენტის თავმჯდომარის მედიასთან ასეთი ხშირი კომუნიკაციის პრაქტიკას. საერთო ჯამში, ჟურნალისტებს დღეში ორი-სამი საათი აქვთ ყველა დეპუტატთან ინტერვიუს ჩასაწერად.
შედეგად, ასობით ჟურნალისტსა და მედია სააგენტოს აქვს სრული შესაძლებლობა, უწყვეტად გააშუქოს საპარლამენტო მოვლენები და ამავდროულად, პარლამენტში შეინარჩუნოს სამუშაო გარემო.
წლიური აკრედიტაცია ამ დროისთვის 339 ჟურნალისტს აქვს მიღებული. წესის შემოღების შემდეგ, პარლამენტის სასახლეში 22,839 შემოსვლა დარეგისტრირდა, ხოლო მედიის აკრედიტაციის შეჩერების მხოლოდ 14 შემთხვევა დაფიქსირდა (2023 წელს ცხრა შემთხვევა, 2024 წელს – ხუთი). ყველა შემთხვევაში დარღვევა ეხებოდა რესპონდენტების მიერ გასაუბრებაზე უარის თქმის შემდეგ ჩართული კამერებით მათ ადევნებას. ეს გახლდათ ინდივიდუალური სანქცია, ანუ იმ მედიასაშუალებებს, რომელთა ჟურნალისტებსაც დროებით შეუჩერდათ აკრედიტაცია, ჰქონდათ შესაძლებლობა, ემუშავათ პარლამენტში დანარჩენი ცხრა ჯგუფის ოპერირებით.
ის ფაქტი, რომ დროებითი აკრძალვა (ერთი ან ექვსი თვის განმავლობაში) გამოყენებულ იქნა მხოლოდ შემთხვევების 0,06%-ში, ცხადყოფს, რომ ჟურნალისტები კეთილსინდისიერად იცავენ აკრედიტაციის წესს. ამიტომ, გასაკვირია, რომ წესების დარღვევამ, რომლებიც საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას ეფუძნება და რომლებსაც ჟურნალისტები ეთანხმებიან აკრედიტაციის მიღებამდე, შეიძლება, გამოიწვიოს კრიტიკული რეაქციები. ასეთი შეშფოთება არ უწყობს ხელს ეთიკური ჟურნალისტიკის განვითარებას.
გარწმუნებთ, რომ საქართველოს პარლამენტი რჩება მედიის კეთილსინდისიერებისა და სანდოობის ხელშეწყობის ერთგული, რათა საზოგადოებას მიეწოდოს ზუსტი და გადამოწმებული ინფორმაცია და ხელი შეეწყოს დემოკრატიულ განხილვებს.
თქვენო აღმატებულებავ, გამოვხატავ ჩემს ღრმა პატივისცემას თქვენდამი“, – ნათქვამია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებაში.