,,პარიზის სკანდალის ფონზე კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ აღარ არის მოვლენების შორიდან ცქერის დრო” – საზოგადოება „ქართული“

16
spot_img

გლობალური იდეოლოგიური ომი საქართველოშიც ისეთივე აქტუალური და მწვავეა, როგორც მთელ მსოფლიოში. იქაც და აქაც რადიკალების ხელწერა ერთია: საზოგადოების დაყოფა, მთავრიდან ყურადღების გადატანა მეორეხარისხოვანზე, განსხვავებული აზრის მიუღებლობა, მანიპულაციები და დაშინება და, რაც მთავარია, სიძულვილის ენა, – ამის შესახებ საზოგადოება ქართულის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალს ეხება.

„ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ ტელევიზიები, პრესა და სოციალური ქსელები წალეკა ურთიერთსიძულვილის, რეალური ავტორიტეტების დაუმსახურებლად განქიქების, ადამიანის ღირსების შელახვის, უნიჭობის მოდად წარმოჩენისა და ნიჭიერების „დაბულინგების“ ტოქსიკურმა ატმოსფერომ. ფაქტია ისიც, რომ ურთიერთმტრობა და რადიკალური საზოგადოებრივი პოლარიზაცია წახალისებულია და მართულია გარედან მსუყედ დაფინანსებული ისეთი ორგანიზაციების ხელით, რომლებიც ერის გახლეჩაზე, მისი იდენტობის წაშლაზე, ქართული ეკლესიის დისკრედიტაციაზე, ქართული ღირებულებების ლგბტ იდეოლოგიით ჩანაცვლებაზე და ამის მიმღები გადაგვარებული „ახალი ქართველის“ გამოყვანაზე არიან ორიენტირებულები.

„გამჭვირვალობის შესახებ“ კანონმა უკვე მოახდინა ყველა იმ საერთაშორისო თუ მათი მოკავშირე ადგილობრივი ძალის და ინსტიტუტის გამჭვირვალობა, ვინც რეალურად ქართულ იდენტობასა და სუვერენიტეტს ებრძვის. არანაკლები მნიშვნელობის იქნება ქვეყნისთვის „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტის მიღება. ვინც დღემდე ფიქრობს, რომ ეს კანონი ნაადრევია და დაგვაშორებს ევროპას, მათ მოვუწოდებთ, რეალურად შეხედონ მოვლენებს და გაითვალისწინონ პარიზის ინციდენტის შედეგები, რომელმაც აჩვენა, რომ ყველა დასავლური მოვლენის გაფეტიშება და უკრიტიკოდ მიღება არის დამაზიანებელი, ხოლო შემგუებლობა ე.წ. გენდერული იდეოლოგიისადმი – კონტრპროდუქტიული. ეს არაა ჭეშმარიტი ევროპული ფასეულობები, რომელსაც ცალკეული დასავლელი პოლიტიკოსები ქადაგებენ და არა მთელი ცივილიზებული დასავლური სამყარო.

პარიზის სკანდალის ფონზე კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ აღარ არის მოვლენების შორიდან ცქერის დრო. ყველამ უნდა გამოვიჩინოთ სამოქალაქო სიმტკიცე და დავდგეთ იდენტობისა და მშვიდობის დაცვის სადარაჯოზე, რადგან, ერთი მხრივ, მეორე ფრონტის და, მეორე მხრივ, აგრესიული ლგბტ იდეოლოგიდან მომდინარე საფრთხეები საქართველოს თავზე დამოკლეს მახვილივით ჰკიდია და ამ ორ საშიშროებასთან გამკლავების გარეშე, ვერც ტერიტორიულ მთლიანობას აღვიდგენთ, ვერც ევროკავშირის წევრები გავხდებით, ვერც სახელმწიფოებრიობას შევინარჩუნებთ და ვერც ქვეყანას გადავარჩენთ და განვავითარებთ“, – ნათქვამია განცხადებაში.