პარიზის საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილებამ დაადასტურა, რომ საქართველოს მთავრობა ანაკლიის პროექტთან მიმართებაში აბსოლუტურად მართალი იყო, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, დასრულდა წლების სპეკულაცია მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ, რომელმაც რამდენჯერმე გადაუვადა ინვესტორს ვალდებულება.
„პარიზის საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანია ანაკლიის პროექტის განვითარების საკითხში. საბოლოოდ, არბიტრაჟმა დაადასტურა, რომ საქართველოს მთავრობა პროექტთან მიმართებაში აბსოლუტურად მართალი იყო და დასრულდა წლების სპეკულაცია მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ, რომელმაც რამდენჯერმე გადაუვადა ინვესტორს ვალდებულება და ამის მიუხედავად, პროექტის განხორციელება იმ პირობებით ვერ შესრულდა, თუმცა დღეს საქართველოს მთავრობა 2022 წლიდან მოყოლებული თანმიმდევრულად ახდენს პორტის განვითარებას, ახალი საჯარო და კერძო თანამშრომლობის კანონმდებლობის შესაბამისად, ჩვენ, საერთაშორისო კონკურსის პირობების მიხედვით, ვარჩევთ საერთაშორისო კერძო პარტნიორს და აქ გვაქვს უკვე მნიშვნელოვანი პროგრესი. პარალელურად, საქართველოს მთავრობამ დაიწყო მშენებელი კომპანიის შერჩევა, საერთაშორისო კონკურსის პირობებში, სადაც ოთხი წამყვანი საერთაშორისო კომპანია მონაწილეობდა. ჩვენ უახლოეს ხანებში გვექნება შედეგები და პროექტის განვითარება გეგმაზომიერად წარიმართება, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ მიმდინარე წელს დაიწყოს სამშენებლო სამუშაოები და პარალელურად მოხდეს შეთანხმება კერძო პარტნიორთან“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.