ერევანი და პარიზი 23 ოქტომბერს სამხედრო მომარაგების შესახებ შეთანხმებას მოაწერენ ხელს. ამის შესახებ საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ, გაზეთ Le Parisien-სთან ინტერვიუში განაცხადა, რაზედაც Ekho Kavkaza წერს.
„ხვალ[23 ოქტომბერს] ჩვენ ოფიციალურად მოვახდენთ სომხეთის მიერ ფრანგი მწარმოებლებისგან გარკვეული რაოდენობის იარაღის შეძენას, კერძოდ, ჩვენ ხელს მოვაწერთ ხელშეკრულებას, რომელიც სომხეთს საშუალებას მისცემს თავისი ცის დაცვა უზრუნველყოს”, – განაცხადა ლეკორნუმ.
კითხვაზე, შეუძლია თუ არა სომხეთს საფრანგეთის მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს, მინისტრმა თქვა: „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სომხეთს მივცეთ შესაძლებლობა დაიცვას თავისი მშვიდობიანი მოსახლეობა და უზრუნველყოს თავისი საზღვრების დაცვა“.
მანამდე საფრანგეთის სამხედრო დეპარტამენტის უფროსმა განაცხადა, რომ არ სჯერა, რომ პარიზი სამხედრო ინტერვენციით სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის დაცვას შეძლებს. ამასთან, ლეკორნუმ განაცხადა, რომ საფრანგეთი სომხეთის თავდაცვის საჭიროებებს სწავლობს.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კატრინ კოლონამ სომხეთში მისი ბოლო ვიზიტის დროს განაცხადა, რომ პარიზი თანახმაა ერევანთან სამხედრო ტექნიკის მიწოდების შესახებ ხელშეკრულების გაფორმებაზე.
ბაქომ მწვავედ გააკრიტიკა პარიზის ეს განზრახვა და ამის გამო აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ალიევმა გრანადის მოლაპარაკებებში მონაწილეობა გააუქმა.