პანკისის ხეობაში დაკავებულის ახლობლები ტერორისტულ ორგანიზაციასთან მის კავშირს უარყოფენ

187
spot_img

პანკისის ხეობაში დაკავებულის ახლობლები ტერორისტულ ორგანიზაციასთან მის კავშირს უარყოფენ.

უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ დაკავებული, მალხაზ პაქსაშვილის მეგობარი, ლევან დუიშვილი ამბობს, რომ დაკავებული კანონსაწინააღმდეგო მოქმედებაში, არასოდეს შეუმჩნევია.

„იყო ძალიან აქტიური და სოფლისთვის კეთილის მოსურნე, ყველანაირად ცდილობდა კარგი გაეკეთებინა. აქედან გამომდინარე, არანაირი ტერორისტული საქმიანობა, მასთან შეხებაში არ ყოფილა. 2015 წლიდან ხეობაშია და კანონსაწინააღმდეგო არაფერი შემიმჩნევია“,- ამბობს დუიშვილი.

პაქსაშვილის ტერორისტულ საქმიანობასთან კავშირის შესახებ, ინფორმაცია არ აქვს მის დედასაც. ქალი ამბობს, რომ თბილისში ცხოვრობს და წარსულში შვილის სირიაში ყოფნის თაობაზე არაფერი იცის.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი მეთაური, პანკისის ხეობაში, სოფელ წინუბანში მცხოვრები,მალხაზ პაქსაშვილი, სპეციალური ოპერაციის შედეგად დააკავა.

კონტრტერორისტული ცენტრის, საქართველოს გენერალური პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი გამოძიების მასალების მიხედვით, პაქსაშვილმა საქართველო 2013 წელს დატოვა, სირიაში გაემგზავრა და ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოს“ შეუერთდა.

2013-2015 წლებში, მალხაზ პაქსაშვილი, ე.წ. „სამხედრო ემირების“, ძმებ ცეზარ და ცისკარა ტოხოსაშვილების დაჯგუფებაში ირიცხებოდა და აქტიურ მონაწილეობას იღებდა ტერორისტული ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ თავდასხმებსა და სამხედრო ოპერაციებში.

დაკავებულს მჭიდრო კავშირი ჰქონდა „ისლამური სახელმწიფოს“ მაღალი რანგის სამხედრო მეთაურებთან და ორგანიზაციის ერთ-ერთი დაჯგუფების ე.წ. „ნაიბის“ პოზიციას იკავებდა.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებას და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ბრალდებულს 10-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.