PACE-მ უკრაინელი ბავშვების რუსეთში დეპორტაცია გენოციდად აღიარა

74
spot_img

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) უკრაინელი ბავშვების რუსეთში დეპორტაცია გენოციდად აღიარა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

რეზოლუციაში ასამბლეა მოწოდებით გამოვიდა „დაუყოვნებელი და გადაუდებელი ზომები იქნას მიღებული, რათა შეჩერდეს რუსეთის მიერ ამჟამად განხორციელებული უკანონო იძულებითი გადაყვანისა და დეპორტაციის პრაქტიკა უკრაინის მოსახლეობის წინააღმდეგ“.

ასამბლეა ხაზს უსვამს ცალკეული შემთხვევების აღრიცხვისა და მონიტორინგის აუცილებლობას, ასევე პასუხისმგებლობის მტკიცებულებების შეგროვებას, რათა დამნაშავეები, პასუხისმგებლობის ყველა დონეზე, მართლმსაჯულების წინაშე წარდგნენ“.

რეზოლუციაში ნათქვამია, რომ დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკრაინელების რუსეთის ფედერაციაში უკანონო დეპორტაციის პრაქტიკა დაიწყო ჯერ კიდევ 2022 წლის 24 თებერვლის სრულმასშტაბური შეჭრის წინ.

„ამ თარიღიდან ეს პრაქტიკა კიდევ უფრო გააქტიურდა და განვითარდა და აშკარად დაგეგმილია და ორგანიზებულია სისტემატურად, სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში. ის მოიცავს ყველა დონის პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებასა და განხორციელებას ადმინისტრაციული ორგანოებისა და რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ, განსაკუთრებით უკრაინელი ბავშვების ძალადობრივი გადაყვანის, დეპორტაციისა და ინდოქტრინაციის კუთხით“, – ნათქვამია რეზოლუციაში