დღეის მდგომარეობით, ცესკო-ს ვადაგასული თავმჯდომარე ასრულებს ცესკო- ს თავმჯდომარის მოვალეობას, ახლა „ოცნებას“ უნდა უკვე ვადით დანიშნოს ადამიანი, რომელიც ხელს მოუწერს არჩევნების სავარაუდო გაყალბებაზე,- ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც საკანონმდებლო ცვლილებებს გამოეხმაურა.
ამასთან, ვაშაძე აღნიშნავს, რომ ვერც პრეზიდენტმა შეძლო მასზე დაკისრებული პასუხისმგებლობის შესრულება და ვერ წარმოადგინა კანდიდატი, რომელსაც მათ შორის, ოპოზიციის მხარდაჭერა ექნებოდა.
„დღეის მდგომარეობით პროცედურების სრული დარღვევით, კანონის უგულებელყოფით ცესკო-ს ვადაგასული თავმჯდომარე ასრულებს ცესკო- ს თავმჯდომარის მოვალეობას. ახლა “ქართულ ოცნებას” უნდა, უკვე ვადით დანიშნოს პირდაპირ ადამიანი, რომელიც ხელს მოუწერს არჩევნების სავარაუდო გაყალბებაზე, ეს არის მთელი შინაარსი ამ ინიციატივის. ჩვენ გვახსოვს, თავის დროზე შეთანხმება იყო, რომ 90 ხმით უნდა ყოფილიყო არჩეული ცესკო- ს თავმჯდომარე, რომელიც უნდა წარადგინოს პრეზიდენტმა. სამწუხაროდ, აქვე მინდა ვთქვა, პრეზიდენტმა ვერ უზრუნველყო თავის წილი პასუხისმგებლობა, რომ ობიექტური და მიუკერძოებელი კანდიდატი წარედგინა პარლამენტისთვის, რომელსაც ექნებოდა მათ შორის, ოპოზიციის მხარდაჭერა. სწორედ ამიტომ არის, რომ ვადაგასული ადამიანი კვლავ ასრულებს მოვალეობას თავმჯდომარის პოზიციაზე,”- განაცხადა ვაშაძემ.
უმრავლესობის საკანონმდებლო ინიციატივით, ცესკოს თავმჯდომარეობის და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატების შერჩევის და პარლამენტისთვის წარდგენის პრეროგატივა პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება. იცვლება მათ არჩევასთან დაკავშირებული პროცედურა და კვორუმი – თუკი პარლამენტი ცესკოს თავმჯდომარესა და წევრებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით (76 ხმა) მხარს დაუჭერს, თანამდებობას 5 წლის ვადით დაიკავებენ. ამ მიმართულებით „საარჩევნო კოდექსსა“ და პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებები ფრაქცია “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოამზადეს და ის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება.