![გახარია1](https://geotimes.ge/wp-content/uploads/2024/12/gakharia1.jpg)
„ოცნებამ“ ჯერ გასამართლება დაიწყოს იმ ადამიანების, რომლებიც ყოფილი „ნაცები“ არიან მის რიგებში, ნამდვილი ფუნდამენტალისტური „ნაცები“, რომლებიც იყვნენ, შემდგომ რაღაც იმედი შეიძლება გაჩნდეს, რომ „ოცნება“ ვინმეს გამსამართლებელია,- ამის შესახებ პარტია „გახარია – საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ, პარლამენტში შექმნილ 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და მისი პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით განაცხადა.
გიორგი გახარია საკანონმდებლო ორგანოში საგამოძიებო კომისიის შექმნას ცირკს უწოდებს და მმართველ პარტიას პოლიტპატიმრების გათავისუფლებისკენ, ახალი არჩევნების ჩანიშვნისკენ და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისკენ მოუწოდებს.
„არ ვაპირებთ საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობას მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ეს პარლამენტი ლეგიტიმური არ არის. რაც შეეხება “ნაციონალური მოძრაობის” გასამართლებას, “ოცნებამ” ჯერ გასამართლება დაიწყოს იმ ადამიანების, რომლებიც ყოფილი “ნაცები” არიან მის რიგებში, ნამდვილი ფუნდამენტალისტური “ნაცები”, რომლებიც იყვნენ, შემდგომ რაღაც იმედი შეიძლება გაჩნდეს, რომ “ოცნება” ვინმეს გამსამართლებელია და რაიმეს აპირებს. ეს ყველაფერი ჩვეულებრივი ფარსი და ტყუილია. მცდელობაა, რომ ფარსი პოლიტიკური პროცესი შეიქმნას, სინამდვილეში დღეს გასასამართლებელია „ოცნებაც“ და „ნაციონალური მოძრაობაც“ და როგორ უნდა გაასამართლონ მათ ერთმანეთი, არ წარმომიდგენია. სჯობს მათ ამ ცირკს თავი დაანებონ და იზრუნონ იმაზე, რომ პოლიტპატიმრები გაათავისუფლონ, არჩევნების ახალი თარიღი დაინიშნონ და შეიცვალოს საარჩევნო გარემო იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეები თავიანთ საბაზისო უფლებებს ქუჩაში კი არ იცავდნენ, არამედ ამის გაკეთება უფრო ცივილიზებულ დემოკრატიულ ფორმებში შეეძლოთ“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.
ასევე, გიორგი გახარია გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას NGO სექტორის დაფინანსებასთან დაკავშირებით და მას სისულელე და ტყუილი უწოდა.
მისივე თქმით, მმართველი პატრია ახლა თვითგადარჩენის პროცესშია, რომ თავიანთ ამომრჩევლებს რაიმე დააჯეროს.
„ჩვენი ხელისუფლება სისულელეს ლაპარაკობს, უბრალოდ ეს არის თვითგადარჩენის ინსტინქტი. რაღაცა ხომ უნდა თქვან, ვიღაცას რაღაც ხომ დააბრალონ და აუხსნან თავიანთ ამომრჩევლებს, რომლებსაც ვეღარაფერს ვეღარ აჯერებენ. ათას სისულელესა და ტყუილს ლაპარაკობენ. ვიღაცას „გლობალური ომის პარტიის“ წევრობას დააბრალებენ, „დიფ სტეიტსა“ და ათას სისულელეს მოიგონებენ და ჩვენ მომავალში დარწმუნებული ვარ, ამ ყველაფერზე ვიცინებთ და ღიმილით გავიხსენებთ“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.